აშშ-ის რამდენიმე პრესტიჟულმა უნივერსიტეტმა შექმნა გაერთიანება, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განათლების სფეროში მიღებული ზომების, მათ შორის დაფინანსების შეწყვეტის წინააღმდეგია. ამას “WALL STREET JOURNAL” წყაროებზე დაყრდნობით წერს.
„ქვეყნის ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტების ლიდერებმა კერძო ალიანსი შექმნეს, რათა წინ აღუდგნენ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ უმაღლეს განათლებაში კვლევის დაფინანსებისა და აკადემიური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართულ თავდასხმებს“, – აღნიშნავს გამოცემაში.
გაზეთის ცნობით, ალიანსი ამჟამად დაახლოებით 10 საგანმანათლებლო დაწესებულებას მოიცავს, ძირითადად „ლურჯი“ შტატებიდან, რომლებიც არჩევნებში დემოკრატიულ პარტიას უჭერენ მხარს.
გამოცემის ცნობით, გაერთიანების შემადგენლობაში შემავალი უნივერსიტეტის მაღალი თანამდებობის პირები მსჯელობენ, თუ რა არის მათი „წითელი ხაზები“ ფედერალურ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებში, ასევე აფასებენ, თუ როგორ უპასუხონ ტრამპის ადმინისტრაციის სხვადასხვა მოთხოვნებს.
ჰგაერთიანების ფარგლებში, საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ მათთვის ერთ-ერთი ასეთი „წითელი ხაზი“ აკადემიური დამოუკიდებლობის უარყოფაა, კერძოდ, ავტონომია სტუდენტების მიღების, პერსონალის დაქირავებისა და საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზების საკითხებში.
აშშ-ის განათლების დეპარტამენტმა 15 აპრილს განაცხადა, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტისთვის სახელმწიფო დაფინანსებას 2.2 მილიარდი დოლარით ამცირებს მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ საჯაროდ უარყო თეთრი სახლის მოთხოვნები საკადრო და საგანმანათლებლო პოლიტიკის ცვლილებების შესახებ.
22 აპრილს, 100-ზე მეტმა ამერიკულმა უნივერსიტეტმა ხელი მოაწერა წერილს, რომელშიც დაგმობილი იყო აშშ-ის ხელისუფლების მიერ მათ წინააღმდეგ მიღებული ზომები, კერძოდ, დაფინანსების შეწყვეტა.
ვაშინგტონის ხელისუფლებას კონსტრუქციული ურთიერთქმედებისკენ მოუწოდეს არაერთი ამერიკული უნივერსიტეტი, მათ შორის ჰარვარდისა და პრინსტონის უნივერსიტეტები, ასევე მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი.