ჭიათურაში ამ ეტაპზე 5 ადამიანი შიმშილობს, თუმცა მსურველი ბევრია – 1-ელ მაისს ფართომასშტაბიანი აქცია გვაქვს ჭიათურაში დაგეგმილი,- ამის შესახებ მაღაროელმა, ტარიელ მიქაცაძემ განაცხადა.
როგორც ტარიელ მიქაცაძემ აღნიშნა, 60 დღეა, რაც მაღაროელები მოითხოვენ, რომ მთავრობამ ყურადღება მოაქციოს ჭიათურას.
„იცით, რომ მესამე დღეა, რაც მშრალი შიმშილობა გამოაცხადა ჩვენმა ერთ-ერთმა თანამებრძოლმა ირაკლი ჯიქიძემ. დღეს, ის გადაუდებელი დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა საავადმყოფოში, მიიღო წამლები და პროტესტის იგივე ფორმას მიმართა.
ასევე, დღეს დაიწყო შიმშილობა ხუთმა ადამიანმა, თუმცა მსურველი ბევრია, აქ ვინც ვსხედვართ, შიმშილობის მსურველები ვართ, როდესაც ჩავალთ, ამ პროცესს გავაგრძელებთ. 60 დღე ვითხოვთ ერთადერთს – მთავრობამ ყურადღება მოაქციოს ჭიათურას. ოფიციალურადაც რამდენჯერმე მივმართეთ პრემიერს, პრეზიდენტს, სახალხო დამცველს, საპატრიარქოს. დღეს ვიყავით მეცნიერთა ეროვნულ აკადემიაში, ყველანაირი კანონიერი ძალა ვცადეთ, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან დავსხდეთ, მოვიდეს მთავრობა, ან ჩვენ მივიდეთ. გვსურს გავიაროთ ჭიათურის საკითხი, წელიწადში ერთხელ და ორჯერ არ მოხდეს გაფიცვა, საპროტესტო გამოსვლები.
1-ელ მაისს ფართომასშტაბიანია აქცია გვაქვს ჭიათურაში დაგეგმილი. მშრომელთა დღეს კიდევ ერთხელ დავუფიქსირებთ საქართველოს და მსოფლიოს, რომ ჭიათურაში არის სწორი და ფართომასშტაბიანი სოციალური პროტესტი. ამ პროტესტს მთავრობიდან გამოხმაურება არ მოჰყოლია“,- აღნიშნა ტარიელ მიქაცაძემ.
როგორც ტარიელ მიქაცაძემ განაცხადა, ისინი აპროტესტებენ ბოლო დროს კომპანიის მიერ შემოთავაზებულ განცხადებას, ვინაიდან მათივე შეფასებით, „დათქმებში თავმოყრილია ის, რაც მომავალში ჭიათურას ჯოჯოხეთად ექცევა“.
„საპროტესტო აქციის მთავარი მიზეზი გახლავთ ის, რომ კომპანიამ 27 მარტს ოფიციალურად გამოგვიცხადა რომ 3620 ადამიანი, რომელიც „ჯორჯიან მანგანზეშია“ დასაქმებული, სამსახურიდან დაითხოვა არაოფიციალურად, SMS-ის მეშვეობით. ხალხი ქუჩაში გამოვიდა ხელფასის მოთხოვნით, იმ პირობების დაკმაყოფილების მოთხოვნით, რაც ჭიათურაში არ არის.
მესამოცე დღეს, რა შედეგსაც მივაღწიეთ, არის ის, რომ ხელფასი, რომლის დარიგებასაც კომპანია არ აპირებდა, 2 თვის ანაზღაურება მეტ-ნაკლებად დარიცხეს. კომპანია, რომელიც აცხადებდა, რომ წამგებიანია მიწისქვეშა სამუშაოები და გადიოდა, ისევ შემობრუნდა, გადაიფიქრა და იწყებს სამუშაოების აღდგენას დათქმებით და პირობებით. დათქმებშია ის, რაც მომავალში ჭიათურას მომავალში ჯოჯოხეთად ექცევა“,- აღნიშნავს მიქაცაძე.