1 მაისიდან მთავარი არხის მაუწყებლობა სრულად შეწყდება, ამის შესახებ ოფიციალური შეტყობინება არხის თანამშრომლებმა დღეს მიიღეს.
კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, “დაიხურება მთავარი არხი, გაიხსნება ახალი”, რადგან მისი თქმით, სხვანაირად არ და ვერ იქნება.
“დაიხურება მთავარი არხი, გაიხსნება ახალი. სხვანაირად არ და ვერ იქნება, მჯერა და ვიცი. მთავარია ქვეყანა არ დაიხუროს, თორე მერე გინდა დახურე, გინდა გახსენი, აზრი არ ექნება არაფერს,” — წერს გვარამია სოციალურ ქსელში.
მთავარის ჟურნალისტი თათია წოწონავა სოციალურ ქსელში წერს, რომ “დღეს ბოლო იმედიც ჩაქრა”.
“ჩემი და მთავარი არხის თანაცხოვრება დასრულებულია და გული ძალიან მწყდება,რომ ამ ყველაფერს ამ ფორმით იგებს ყველა”, — წერს ჟურნალისტი.
მთავარი არხის იმერეთის კორესპონდენტი ირაკლი ვაჩიბერიძე წერს რომ დღეს უკვე ოფიციალურად უთხრეს, რომ მთავარი არხის საეთერო მაუწყებლობა 1-ლი მაისიდან სრულად შეწყდება.
“დასრულდა კიდევ ერთი ეტაპი, მთავარი არხის იმერეთის კორესპონდენტობა. ეს თითქმის 6 წელი იყო რთული, საპასუხისმგებლო, ემოციური, პრობლემებით სავსე, მაგრამ ამავე დროს, ძალიან საინტერესო. დღეს უკვე ოფიციალურად გვითხრეს, რომ ახალი TV ვერ იხსნება, მთავარი არხის საეთერო მაუწყებლობა კი 1-ლი მაისიდან სრულად შეწყდება. მიხარია, რომ ვიყავი ამ გუნდის წევრი და გული მწყდება, რომ ასე დასრულდა”, — წერს ირაკლი ვაჩიბერაძე Facebook-ზე.
მთავარი არხის მაუწყებლობა 15 თებერვალს შეჩერდა. ტელეკომპანიის Facebook გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში დღემდე წერია, რომ გადაცემები შეჩერებულია არხის თანადამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის, მიერ ხელოვნურად შექმნილი ფინანსური კრიზისის გამო.