ესპანეთსა და პორტუგალიაში 28 აპრილს დენი მასობრივად გაითიშა, რასაც დიდი პრობლემები მოჰყვა და რა თქმა უნდა, ამ ყოველივემ გავლენა სპორტული ღონისძიებების ჩატარებაზეც მოახდინა.
მაგალითისთვის, გუშინ მადრიდში საჩოგბურთო მასტერსის შეხვედრების ჩატარება შეუძლებელი გახდა, ასევე გადაიდო ლა ლიგა 2-ის შეხვედრაც. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ამ პრობლემის გამო შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური შეხვედრაც გადაიდოს, სადაც “ბარსელონამ” “ინტერს” უნდა უმასპინძლოს.
ესპანური მედიის ცნობით, “ნერიაძური” ბარსელონაში დღეს უნდა ჩაფრინდეს, მოგზაურობის გეგმები ჯერ არ შეუცვლია, მაგრამ ყურადღებით აკვირდება ესპანეთის აეროპორტებში არსებულ ვითარებას და შეხვედრის ბედი ჯერ კიდევ გაურკვეველი რჩება.
პარარელურად, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ ელექტროენერგიის აღდგენაზე სამუშაოები მიმდინარეობს და ჯერ კიდევ არ არსებობს ინფორმაცია, თუ რამ გამოიწვია ეს მასშტაბური გათიშვა.
მანვე მოქალაქეებს მოუწოდა, სპეკულაციებს არ აჰყვნენ და ოფიციალური ინფორმაციების გავრცელებას დაელოდნონ. შეგახსენებთ, რომ ტურნირის მეორე ნახევარფინალში ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ დღეს გასვლაზე “არსენალს” დაუპირისპირდება.