საქართველოზე ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი, რასა იუკნევიჩიენე “პირველებისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში “ქართული ოცნების” მიმართებით მწვავე გზავნილებს აჟღერებს.
გავლენიანი ევროდეპუტატი “ტვ პირველის” ჟურნალისტთან საუბრის დროს ივანიშვილისა და ლუკაშენკოს რეჟიმებს შორის ტოლობის ნიშანს სვამს და ფიქრობს, რომ საქართველოში ახლა სწორედ ისე ვითარდება პროცესები, როგორც ეს თავის დროზე ბელარუსში იყო.
ამასთან, რასა იუკნევიჩიენე ყურადღებას ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკაზეც ამახვილებს და პირდაპირ ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლას შეაჩერებს, ამაზე სრული პასუხისმგებლობა “ქართულ ოცნებას” დაეკისრება.
ჩემი ქვეყნის მაგალითზე შემიძლია აგიხსნათ, რას დაკარგავს ქართველი ხალხი “ოცნების” რეჟიმის ანტიდემოკრატიული ქმედებების გამო. ჩვენ, ლიეტუველები ვართ პირველები ევროპის ქვეყნებს შორის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდით 1990 წლის შემდეგ. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ უდიდესი ევროპული ბაზრის ნაწილი გავხდით. ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხალხის თავისუფლება, დემოკრატია, ცხოვრების ხარისხი. ჩამოდით ლიეტუვაში და ნახავთ, რამხელა განსხვავებაა იმასთან, რაც საბჭოთა პერიოდში იყო. ეს არის პასუხი თქვენს კითხვაზე.
ჩვენ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია უვიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის, მაგრამ უვიზო რეჟიმი არ არის მხოლოდ „ჩვენ მოგვწონხართ, ან ჩვენ გვიყვარხართ“. “ქართული ოცნება” იქნება პასუხისმგებელი, თუ თავისუფალი მიმოსვლის სტატუსი გადაიხედება საქართველოსთან. უვიზო რეჟიმი შეიძლება შეწყდეს, თუ დემოკრატიული სტანდარტები არ არის თანხვედრაში და ეს მმართველი პარტიის პასუხისმგებლობაა. ძალიან მკაფიო კრიტერიუმებია. რატომ არის ლუკაშენკო პასუხისმგებელი, რომ ბელორუსულ ხალხს არ აქვს უვიზო მიმოსვლა. დიქტატურის გამო, რაც მან უკვე გააკეთა და რასაც “ქართული ოცნება” ახლა აკეთებს. ყველა ანტიდემოკრატიული ნაბიჯი მიგიყვანთ იმ მდგომარეობამდე, რომ ევროკავშირს აღარ ექნება სხვა გზა, გარდა იმისა, რომ შეაჩეროს უვიზო პოლიტიკა, რადგან ჩვენს კრიტერიუმებთან თანხვედრაში არ იქნება.” – განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.