გივი თარგამაძე – თავს დამნაშავედ არ ვცნობ – რაც არის მენიუში და ასორტიმენტში, ესაა ჯარიმა ან ერთწლიანი პატიმრობა, ვნახოთ, რას შეარჩევენ

Published:

კომისიაზე მისვლას არ ვაპირებ ჩემი მოსაზრებების გამო. მიმაჩნია, რომ კომისია არალეგიტიმურია, თავს დამნაშავედ არ ვცნობ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გივი თარგამაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო სასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

სასამართლო სხდომის დაწყებამდე თარგამაძემ ისაუბრა ჟურნალისტებთანაც და აღნიშნა, რომ საბოლოო ჯამში, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო მასთან დაკავშირებით, ეს საქმის არსებითი განხილვის დროს გამოჩნდება.

„რა თქმა უნდა, ისევ უარს ვაცხადებ კომისიის სხდომაზე მონაწილეობის თაობაზე, შესაბამისად, ვნახოთ, როდესაც დაიწყება არსებითი განხილვა იქ გამოჩნდება, რას აპირებენ საბოლოო ჯამში. რაც არის მენიუში და ასორტიმენტში, ესაა ჯარიმა, სამუშაოები ან ერთწლიანი პატიმრობა, ვნახოთ, რას შეარჩევენ. კომისიაზე არ ვაპირებ მისვლას, ეს პოზიცია განმარტებული მაქვს, შესაბამისად, უაზრობა იქნება ხელმეორედ დაბარება“, – განაცხადა გივი თარგამაძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიტიკოს გივი თარგამაძეს დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე, აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

დროებით საგამოძიებო კომისიაზე გივი თარგამაძე პარლამენტში 3 აპრილს დაიბარეს, თუმცა მან გამოცხადებაზე უარი განაცხადა. კომისია გივი თარგამაძისგან ახსნა-განმარტების მიცემას ითხოვდა 2004-2012 წლებში საქართველოში თავდაცვის, უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.

კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო პროკურატურამ პოლიტიკოსს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული 349-ე მუხლით წარუდგინა, რაც “საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას” გულისხმობს, რაც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img