სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC) ჭიათურის მაღაროს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და, მდგომარეობის განმუხტვისთვის, Chiatura Management Company-ისა, შრომის ინსპექციას და “ოცნების” ხელისუფლებას რიგი ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდებს:
“Chiatura Management Company-ის: შეწყვიტოს რეორგანიზაცია და უკანონო გათავისუფლებები;
დაუყოვნებლივ გადაუხადოს მაღაროელებს ხელფასი;
დაიწყოს მოლაპარაკებები ბანკებთან მაღაროელების ვალდებულებების შემსუბუქებაზე;
შრომის ინსპექციას:
შეისწავლოს “ჯორჯიან მანგანეზში” შრომითი უფლებების დარღვევები, მათ შორის ანაზღაურების დაგვიანება და მასობრივი გათავისუფლებები;
ხელისუფლებას:
დაუყოვნებლივ შეხვდეს მაღაროელებს და მოისმინოს მათი მოთხოვნები”.
SJC-ს მიერ გავრცელებულ განცხადებას სრულად გთავზობთ:
“19 მაისს, “ჯორჯიან მანგანეზის” მმართველმა კომპანიამ, Chiatura Management Company-მ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, ჭიათურაში მიმდინარე მასობრივ პროტესტში მონაწილე მაღაროელები სამსახურიდან “საბოლოოდ დათხოვილ თანამშრომლებად” გამოაცხადა. აღნიშნული განცხადება მაღაროელებისთვის მოულოდნელად, იმ დროს გაკეთდა, როდესაც ისინი მოლაპარაკების პროცესში იმყოფებოდნენ კომპანიის ხელმძღვანელობასთან.
ჭიათურელი მაღაროელები უკვე სამი თვეა უწყვეტად აპროტესტებენ კომპანიის მიერ მათი შრომითი უფლებების მძიმე დარღვევებს, მათ შორის, ხელფასების არგადახდას, უკანონო რეორგანიზაციასა და თანამშრომლების მასობრივ გათავისუფლებას, რამაც საგანგაშო სოციალური პრობლემები გამოიწვია მათთვის და მათი ოჯახებისთვის. მიმდინარე წლის აპრილში კომპანიაში რეორგანიზაციის პროცესს ახალი ადმინისტრაცია ჩაუდგა სათავეში, რომლის ქმედებებმა მდგომარეობა კიდევ უფრო გაამწვავა. საწარმოს რეორგანიზაციის პროცესი შრომითი სამართლის ფუნდამენტური სტანდარტებისა და მაღაროელების შრომითი უფლებების მძიმე დარღვევებით მიმდინარეობს.
მდგომარეობის გამოსწორებისა და საერთო ენის გამონახვის მიზნით, გასულ კვირას მაღაროელებსა და ახალ ადმინისტრაციას შორის შეხვედრა გაიმართა. მაღაროელებმა ახალი ხელმძღვანელობის წინაშე დააყენეს მოკლევადიანი და გრძელვადიანი მოთხოვნები. მოკლევადიან მოთხოვნებს მიეკუთვნება პრობლემები, რომელიც სასწრაფო რეაგირებას საჭიროებს, მათ შორის, მაღაროელებისთვის კუთვნილი ხელფასების გადახდა და საბანკო ვალდებულებების შემსუბუქება. ამ საკითხებთან დაკავშირებით კომპანიას თავისი პოზიცია მაღაროელებისთვის 19 მაისს უნდა გაეზიარებინა. ამის ნაცვლად, კომპანიამ სოციალურ ქსელში ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, რომლის თანახმად პროტესტში მონაწილე მაღაროელები სრულიად უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად სამსახურიდან “საბოლოოდ დათხოვილ თანამშრომლებად” გამოაცხადა.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს Chiatura Management Company-ს:
შეწყვიტოს რეორგანიზაცია და უკანონო გათავისუფლებები;
დაუყოვნებლივ გადაუხადოს მაღაროელებს ხელფასი;
დაიწყოს მოლაპარაკებები ბანკებთან მაღაროელების ვალდებულებების შემსუბუქებაზე;
შრომის ინსპექციას:
შეისწავლოს “ჯორჯიან მანგანეზში” შრომითი უფლებების დარღვევები, მათ შორის ანაზღაურების დაგვიანება და მასობრივი გათავისუფლებები;
ხელისუფლებას:
დაუყოვნებლივ შეხვდეს მაღაროელებს და მოისმინოს მათი მოთხოვნები”, — ნათქვამია SJC-ს განცხადებაში.