საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, კომპანია „ბაუმერის“ მხარდაჭერით, ინოვაციური სასწავლო-პრაქტიკული სივრცე ამოქმედდება

Published:

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამშენებლო და სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტების სტუდენტებისთვის, კომპანია „ბაუმერის“ მხარდაჭერით, ინოვაციური სასწავლო-პრაქტიკული სივრცე ამოქმედდება. გარდა ამისა, სტუდენტები სტაჟირების პროგრამასა და პრაქტიკულ სწავლებებს „ბაუმერში“ გაივლიან და კომპანიის საქმიანობას ადგილზე გაეცნობიან.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, აღნიშნულის შესახებ შეთანხმება უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა თამარ წერეთელმა და „ბაუმერის“ დირექტორმა რევაზ ქამაშიძემ თანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერით გაამყარეს.

დოკუმენტის ხელმოწერას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და კომპანიის წარმომადგენლები, სამშენებლო და სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტების პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

როგორც შეხვედრაზე ვიცე-რექტორმა აღნიშნა, თანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეთა პარტნიორობას, კომპეტენციის ფარგლებში ცოდნა-გამოცდილების გაზიარებას, ერთობლივი საგანმანათლებლო-კვლევითი პროექტებისა და პრაქტიკული ღონისძიებების განხორციელებას, მხარეთა სამეცნიერო-ტექნიკური პოტენციალისა და საწარმოო ბაზის გაზიარებას, საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება-განვითარებაში კოოპერაციას, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტთა კარიერულ ზრდას და ზოგადად, დარგის განვითარებას.

თამარ წერეთლის განცხადებით, მემორანდუმის ფარგლებში, კომპანია „ბაუმერის“ მხარდაჭერით, საინჟინრო-პროფილური დარგების განვითარების მიზნით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველ სასწავლო კორპუსში ამოქმედდება ინოვაციური სასწავლო-პრაქტიკული ბრენდირებული სივრცე, სადაც სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის, კომპანიის ჩართულობით, თეორიული და პრაქტიკული სწავლებები განხორციელდება.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ჩვენს ქვეყანასა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში აღიარებული საინჟინრო-ტექნოლოგიური სკოლაა, რომელსაც ძლიერი საერთაშორისო სამეცნიერო-საგანმანათლებლო კავშირები აქვს და განუხრელად აფართოებს კოლაბორაციას ადგილობრივ და საერთაშორისო ინდუსტრიებთან. „ბაუმერი“ კი, რომელიც 2013 წელს ახალგაზრდა და ენერგიულმა გუნდმა დააფუძნა, დღეს ძლიერი ჰოლდინგური კომპანიაა. მისი უმთავრესი საქმიანობა, MEP სისტემებში მაღალტექნოლოგიური და სრული მომსახურების მიწოდებაა. ჩვენი უნივერსიტეტი ამ მიმართულებით მაღალი კვალიფიკაციისა და უნარების მქონე ინჟინრებსა და მკვლევრებს ამზადებს, ზრუნავს სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა შემდგომი დასაქმებისა და მათი კარიერული განვითარებისთვის. თანამშრომლობის მემორანდუმის მიზანი სწორედ ეს არის.

საგულისხმოა, რომ პარტნიორობის ფარგლებში, საინჟინრო-პროფილური დარგების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველ სასწავლო კორპუსში მოეწყობა და ამოქმედდება „ბაუმერის“ ბრენდირებული ინოვაციური სასწავლო-პრაქტიკული სივრცე, სადაც სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, კომპანიის ჩართულობით, თეორიული და პრაქტიკული სწავლებები ჩაუტარდებათ, ასევე, გაეცნობიან დარგის თანამედროვე მიღწევებსა და ტენდენციებს. გარდა ამისა, ვგეგმავთ, ერთობლივად განვახორციელოთ სხვადასხვა მიზნობრივი პროექტი, შევიმუშაოთ მოკლევადიანი და გრძელვადიანი კურსები, რითაც უნივერსიტეტი „ბაუმერის“ აკადემიას სასერტიფიკატო ტრენინგ-კურსების მომზადება-ჩატარების კუთხით მხარდაჭერას აღმოუჩენს. წარმატებას ვუსურვებთ მემორანდუმის ხელმომწერ მხარეებს და ჩვენს ახალგაზრდებს, რომლებიც ამ ახალი პარტნიორობის სამიზნე ჯგუფები არიან“, – აღნიშნა თამარ წერეთელმა.

,,ბაუმერის“ დირექტორის, რევაზ ქამაშიძის თქმით, კომპანია დაინტერესებულია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან პარტნიორობით და ახალგაზრდა, ნიჭიერი კადრების მოზიდვით. როგორც რევაზ ქამაშიძემ აღნიშნა, დასაქმებისა და პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობის მოძიებაში სტუდენტთა ხელშეწყობა და მძლავრი საკადრო რეზერვის შექმნა დარგობრივი ინდუსტრიებისთვის მხოლოდ საგანმანათლებლო-კვლევით ინსტიტუციებთან თანამშრომლობით არის შესაძლებელი.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img