აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კანადაში, დიდი შვიდეულის სამიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას გეგმავს, – ამის შესახებ Axios-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
„თეთრი სახლის წარმომადგენელმა კვირას გვიან ღამით განაცხადა, რომ ტრამპი სამიტის დროს შეხვდება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნის და მექსიკის პრეზიდენტ კლაუდია შეინბაუმს“, – აღნიშნავს გამოცემა.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ღონისძიებაში პირველად მიიღებენ მონაწილეობას გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი და იაპონიის პრემიერ-მინისტრი სიგერუ ისიბა.
ბოლოს ზელენსკი და ტრამპი ერთმანეთს აპრილში, ვატიკანში, რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვაზე შეხვდნენ.
კანადაში „დიდი შვიდეულის“ ლიდერები იკრიბებიან. ადგილზე უკვე ჩავიდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ ეს „დიდი შვიდეულის“ პირველი სამიტია ტრამპის მონაწილეობით.
„დიდი შვიდეულის“ ლიდერები სამიტის პირველ დღეს გლობალურ ეკონომიკაზე ფოკუსირდებიან. ისინი ასევე განიხილავენ ისეთ პრობლემებს, როგორებიცაა ტყის ხანძრები, ნარკოტიკების კონტრაბანდა და მიგრანტების თემა. 17 ივნისს კი უკრაინის საკითხი იქნება განხილული.