„შეხვედრაზე საუბარი იყო სანქციებზე და იმაზე, რომ ხელისუფლების მოქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს უსაფრთხო და დემოკრატიულ მომავალს და ამაზე საჭიროა იყოს მკაფიო პოზიციონირება“, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა დერეკ შოლესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით,დღევანდელი შეხვედრა მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც ბოლო კვირების განმავლობაში ნათლად ჩანს საქართველოს სწრაფი ტემპით უკუსვლა დემოკრატიული და ევროატლანტიკური გზიდან.
“შეხვედრაზე შევეხეთ ყველა იმ საკითხს, რომელიც ქართველ ხალხს აწუხებს. ვახსენე საქართველოს ათასობით მოქალაქის წუხილი, რასაც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან არ ახსენებს „ქართული ოცნება“. საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტურ უმრავლესობას უნდა უსაფრთხო და დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრება და კარგად გვესმის, უსაფრთხო და დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ ჩვენ დავრჩებით დასავლეთის ორბიტაზე, რისგანაც საქართველოს გადაქაჩვას მუდმივად ცდილობს „ქართული ოცნება“ თავისი განცხადებებით და ქმედებებით, ხელოვნურად გაჩერებული რეფორმებით,პოლიტიზებული მართლმსაჯულებით, მედიაზე ზეწოლით, სასამართლოს ჯიბეში ჩასმით, უსაფრთხოებს სამსახურების უკონტროლო მოქმედებით და მიტაცებული სახელმწიფოთი“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.