Sunday, November 27, 2022
spot_img
მთავარიეკონომიკაარ გვჭირდება იმპორტირებული კვერცხი, საკმარისი წარმოება გვაქვს - ზურა უჩუმბეგაშვილი

არ გვჭირდება იმპორტირებული კვერცხი, საკმარისი წარმოება გვაქვს – ზურა უჩუმბეგაშვილი

მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის თავმჯდომარე ზურა უჩუმბეგაშვილი: „მოკლედ, ყველა მიმართულებიდან გვიტევენ, იქიდან საწვავის ფასი, მარცვლეულის ფასი და შეზღუდვები რუსეთის მხრიდან, ალბათ, ფასის შეკავება ვერანაირად ვერ მოხერხდება… და ამავდროულად, საზღვარია დარღვეული, ამ ეტაპზე არანაირად არ გვჭირდება კვერცხის იმპორტი, საკმარისი წარმოება გვაქვს. საზღვარი დაუცველი გვქონდა ყოველთვის და ახლა მით უმეტეს… თურქეთში კი იცით, რა ვითარებაა, ჯერ ტურისტი არ არის, ამას ემატება ეს არეულობა, თურქული ვალუტის გაუფასურება და უფრო აწყობთ პროდუქტის გაყიდვა უცხოეთში, ამ შემთხვევაში, საქართველოში. მოკლედ, აქედან ფასები და შეზღუდვა გვიტევს, იქიდან იმპორტი და ობოლი ბავშვებივით ვართ, არავინ არის ჩვენი პატრონი.

ფრინველის ხორცის იმპორტი გასაგებია, არავის გაუკვირდება, რადგან ვერ ვაკმაყოფილებთ ადგილობრივ მოთხვნას და გინდა თუ არა, უნდა შემოიტანოთ. ეს ახსნადია. მაგრამ კვერცხის იმპორტთან დაკავშირებით, უბედურ დღეში ვართ, შემოგვაქვს და ეს მალფუჭებადი პროდუქტი გასაყიდი გვრჩება“.

კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა ადგილზე წარმოებულ პროდუქტზე ფასების ცვლილება, მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის თავმჯდომარე ამბობს, რომ გაძვირება გარდაუვალია.

„ახლა რთულია რამე პროცენტებზე საუბარი. ალბათ, მიჰყვება ეტაპობრივად ამ ფასებს. ჯერჯერობით, იმედი გვაქვს, რომ მაისის ბოლოს, ივნისის პირველ კვირაში ქართული მარცვლეული იქნება და იმის ფასებიდან გამომდინარე შევჯერდებით. მოიმატებს, ეს არის ერთმნიშვნელოვანი, უბრალოდ, არ ვიცით, რა ფასი იქნება მარცვლეულზე და წინასწარ ვერაფერს ვამბობთ“.- აცხადებს ზურა უჩუმბეგაშვილი.

ფრინველის ხორცის (როგორც ახალი, ისე გაყინული) და კვერცხის იმპორტი გაიზარდა. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის 4 თვეში საქართველომ 24,323 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ქათმის ხორცი შეიძინა, რაც თითქმის, 9,7 მლნ აშშ დოლარით მეტია, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. 2021 წლის იანვარ-აპრილში ქვეყანაში 14,644 მლნ აშშ დოლარის პროდუქტის იმპორტი განხორციელდა.

რაც შეეხება კვერცხს, საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის 4 თვეში 1,552 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი შემოვიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი – 175.3 ათასი აშშ დოლარის.

ამასთან, კვერცხი ყველაზე დიდი რაოდენობით თურქეთიდან შემოვიდა – 772.3 ათასი აშშ დოლარი, რომელსაც მოსდევს უნგრეთი – 606.4 ათასი აშშ დოლარი, ბულგარეთი – 135 ათასი აშშ დოლარი და რუსეთი – 34.5 ათასი აშშ დოლარი.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები