Saturday, June 10, 2023
spot_img
მთავარისაზოგადოებაბინების გაყიდვების რაოდენობის ზრდით კრწანისი ლიდერობს

ბინების გაყიდვების რაოდენობის ზრდით კრწანისი ლიდერობს

თიბისი კაპიტალის ყოველთვიური ანალიზის თანახმად, თებერვალში თბილისში სულ 3,383 ბინა გაიყიდა. გაყიდული ბინების რაოდენობამ იანვრის მაჩვენებელს 19%-ით გადააჭარბა, ხოლო წლიურ ჭრილში ზრდა 12% იყო. საშუალო გასაყიდმა ფასმა ზრდა განაგრძო  და 1,136$-ს გაუტოლდა. გაყიდვების რაოდენობის და გასაყიდი ფასის ზრდის ფონზე ბაზრის ზომა წლიურად 48%-ით გაიზარდა და 261 მილიონი დოლარი შეადგინა.

2023 წლის თებერვალში საშუალო გასაქირავებელი ფასი წინა წლის თებერვალთან შედარებით 125%-ით გაიზარდა.

თიბისი კაპიტალის განახლებული პროგნოზით, წლიურ ჭრილში დოლარში გამოსახული გასაყიდი ფასი 2023 წელს 21%-ით, ხოლო ქირა 53%-ით გაიზრდება, რაც ძირითადად 2022 წლის პირველ ნახევარში არსებული დაბალი საბაზო ეფექტით აიხსნება. იმავე პროგნოზის მიხედვით, 2023 წლის დეკემბერში გასაყიდი ფასი 7.1%-ით, გასაქირავებელი ფასი კი 10.4%-ით გაიზრდება 2022 წლის დეკემბერთან შედარებით.

2023 წლის თებერვალში 746 ახალი ბინა გაიყიდა რაც 2022 წლის თებერვალთან შედარებით 5%-ით მეტია. აღსანიშნავია, რომ ზრდა წინა თვესთან შედარებით გაცილებით უფრო საგრძნობი აღმოჩნდა (+36%). რაც შეეხება ძველი ბინების გაყიდვას, წლიური ზრდა 14%-ს გაუტოლდა, ხოლო წინა თვესთან შედარებით 15%-ანი მატება დაფიქსირდა. შედეგად, 2023 წლის თებერვალში ახალი ბინების წილი მთლიან ტრანზაქციებში 22%-მდე გაიზარდა.
2023 წლის თებერვალში გაყიდული ბინების 72% 75 კვ.მ-ზე ნაკლები ფართობისაა. მთლიან გაყიდვებში ყველაზე დიდი წილი კვლავ (41%) 50-დან 75 კვ.მ-მდე ფართობის ბინებს უკავია. გაყიდული ბინების დაახლოებით 6% აღემატება 125 კვ.მ-ს.

იანვრის მსგავსად,  2023 წლის თებერვალში მაღალფასიანი ბინების გაყიდვები წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით საგრძნობლად გაიზარდა. 1,500 $/კვ.მ-ზე მეტი ფასის მქონე ბინების წილი 8 პპ-ით გაიზარდა.

2023 წლის თებერვალში, გაყიდული ბინების რაოდენობის მიხედვით თბილისის უბნებს შორის ლიდერობდა დიდი დიღომი, რომელმაც პირველად, 2021 წლის აპრილის შემდეგ, გადაასწრო საბურთალოს.

დიდი დიღომი ასევე გამოირჩევა ახალი ბინების გაყიდვების ყველაზე მაღალი დონით (222 ბინა), წინა წელთან 8%-იანი ზრდით. საბურთალოზე კი ახალი ბინების გაყიდვების რაოდენობა წლიურ ჭრილში 33%-ით შემცირდა.

2023 წლის თებერვალში წინა წელთან შედარებით ახალი ბინების გაყიდვების ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა ნაძალადევში (+250%), დიდუბეში (+64%) და გლდანში (+37%).
მთაწმინდასა და ვაკეში კვლავ ყველაზე მაღალი გასაყიდი ფასები დაფიქსირდა (>1,800$). ყველა უბანში მნიშვნელოვანი წ/წ ზრდა შეინიშნება როგორც ძველი, ასევე ახალი ბინების შემთხვევაში.

RELATED ARTICLES

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები