უკრაინელები დღემდე მედგრად და ამაყად იცავენ თავიანთ ქვეყანას რუსეთის ამ ყოვლად არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიის წინაშე, – ამის შესახებ ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, მარკ კლეიტონი მიმართვაში აღნიშნავს.
როგორც ის ამბობს, საქართველოს მოსახლეობა ერთიანია უკრაინის თავისუფლების და სუვერენიტეტის მხარდაჭერაში.
„ერთი წლის წინ, უკრაინის სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე ჩამოვარდნილმა პირველმა რუსულმა ბომბებმა, მილიონობით ადამიანის ცხოვრება ერთ წუთში შეცვალა.
მას შემდეგ, ჩვენ მომსწრენი ვართ უდანაშაულო ადამიანების ტრაგიკული სიკვდილის, განადგურებული ქალაქების და სასოწარკვეთის. ამასთანავე, ჩვენ ვხედავთ, უკრაინელი ხალხის წარმოუდგენელ სიმტკიცეს და სიმამაცეს. ისინი დღემდე მედგრად და ამაყად იცავენ თავიანთ ქვეყანას რუსეთის ამ ყოვლად არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიის წინაშე.
უკრაინაში ომმა გამოიწვია დემოკრატიული სახელმწიფოების და ხალხების წარმოუდგენელი კონსოლიდაცია, როგორც ევროპაში, ისე მის მიღმა. საქართველოს მოსახლეობა ერთიანია უკრაინის თავისუფლების და სუვერენიტეტის მხარდაჭერაში.
გაერთიანებული სამეფო და პარტნიორები განაგრძობენ უკრაინის მხარდაჭერას, სრულ გამარჯვებამდე. Слава Україні!“ – აღნიშნავს ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, მარკ კლეიტონი.
ცნობისთვის, რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსეთის შეჭრას უკრაინის ტერიტორიაზე წინ უძღოდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ 2022 წლის 21 თებერვალს ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების ე.წ.ავტონომიურ რესპუბლიკებად გამოცხადება.