სავარაუდოდ, ჩეჩენი ბიზნესმენის, ასლანბეკ ახმეტხანოვის და გროზნოს ყოფილი მერის საავტომობილო კოლონაში შემავალმა ავტომობილებმა, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, სულ ცოტა, 43-ჯერ დაარღვიეს საავტომობილო მოძრაობის წესები. ვიდეოჯარიმების მოცულობა, სულ მცირე, 7450 ლარს შეადგენს.
რამდენიმე დღეა, სოციალურ ქსელებში ვრცელდება ფოტო-ვიდეო მასალა, რომელიც საქართველოს სხვადასხვა ქალაქშია გადაღებული და რომელზეც ჩანს რუსული სანომრე ნიშნებით მოძრავი, ერთნაირი, სავარაუდოდ, „მერსედესის“ G-კლასის ავტომობილების კოლონა, თითქმის ერთნაირი სანომრე ნიშნებით.
ყველა მათგანის ნომერში ფიგურირებს სამი შვიდიანი. მაგალითად: A777AC77, C777CE77, A777AK77, O777OC77 და B800EC797.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პორტალზე, სადაც საჯარიმო ქვითრები საჯაროდ ქვეყნდება, ჩანს, რომ ამ ხუთი სანომრე ნიშნის მქონე ავტომობილებს 22 მაისიდან 3 ივნისამდე პერიოდში ზუსტად 43 ჯარიმა აქვთ გამოწერილი.
მათგან ერთ-ერთი ავტომობილი, სანომრე ნიშნებით A777AC77, სავარაუდოდ, ჩეჩენ ბიზნესმენს, ასლანბეკ ახმეტხანოვს ეკუთვნის. ასეთივე ავტომობილები, იდენტური ნომრებით, ასახულია ვიდეოში, რომელიც ინსტაგრამზე ერთი წლის წინაა გამოქვეყნებული ბიზნესმენ ასლანბეკ ახმეტხანოვის სახელით.
43 ჯარიმა – 7450 ლარი
- ავტომობილს, სანომრე ნიშნებით A777AC77, 10 დარღვევა უფიქსირდება; სავარაუდოდ, ეს ავტომანქანა ეკუთვნის ახმეტხანოვს;
- ავტომობილს, სანომრე ნიშნებით C777CE77 – 8 ჯარიმა;
- ავტომობილს, სანომრე ნიშნებით A777AK77 – 9 ჯარიმა;
- ავტომობილს, სანომრე ნიშნებით O777OC77 – 7 ჯარიმა
- ავტომობილს, სანომრე ნიშნებით B800EC797 – 9 ჯარიმა;
ამ სამი ავტომობილის ჯარიმების მოცულობა 7450 ლარს აღწევს.
- A777AC77 – 1550 ლარი;
- C777CE77 – 1650 ლარი;
- A777AK77 – 1700 ლარი;
- O777OC77 – 1100 ლარი;
- B800EC797 – 1450 ლარი.
პირველი ჯარიმა დაფიქსირებულია 22 მაისს, ხოლო ბოლო ოთხი – 3 ივნისს.
ჯარიმები გამოწერილია საავტომობილო მოძრაობის წესების დარღვევისათვის სხვადასხვა ადგილას, მათ შორის თბილისში, ხაშურთან, აგარასთან, ნიგოითთან (გურიაში), ლანჩხუთთან, ჯაპანასთან და შეკვეთილთან. მათ საგზაო მოძრაობის წესები ძირითადად ერთსა და იმავე ადგილებში აქვთ დარღვეული.