სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს ინფორმაციას, რომ სამომხმარებლო ბაზარზე ხორცი “QR” კოდით განთავსდება და ასააგენტო ქვეყნის მასშტაბით არსებულ სასაკლაოებს შესაბამის ტექნიკურ აღჭურვილობას გადასცემს. ეტიკეტირებისგან განსხვავებით, QR კოდების მოთხოვნას სარეკომენდაციო ხასიათი იქნება. შესაბამისად, ექნება თუ არა მათ პროდუქციას QR კოდი, სარეალიზაციო ობიექტები თავად განსაზღვრავენ.
სააგენტოს უფროსის მოადგილის ვასილ ბასილაძის განაცხადებით, ბაზარზე ხორცის “QR“ კოდით განთავსება განვითარებულ ქვეყნებში აპრობირებულია და დღეიდან, ეს უკვე საქართველოშიც შესაძლებელია. სააგენტოში ამბობენ, რომ ბიზნესოპერატორების ცნობიერების ამაღლებისა და პროგრამის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, სასაკლაოების პერსონალს სწავლებები ჩაუტარდა.
“მოქმედი კანონმდებლობით ხორცის ეტიკეტირება სავალდებულოა, თუმცა, ამასთან ერთად, ეტიკეტზე დატანილი იქნება „QR“ კოდი, რაც მომხმარებელს ან დაინტერესებულ პირს მისცემს საშუალებას, მობილური აპლიკაციის მეშვეობით მიიღოს დამატებითი ინფორმაცია ცხოველის შესახებ (ადგილწარმოშობა, ვიზუალური მონაცემები, დაკვლის თარიღი, სასაკლაო და ა.შ.) რომლისგანაც მიღებულია ხორცი.
ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად, 2012 წლიდან სურსათის ეროვნული სააგენტო, ცხოველთა იდენტიფიკაციის პროცესს ახორციელებს, ხოლო 2017 წლიდან, FAO-ს ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ელექტრონული სისტემა (NAITS) პროექტის მხარდაჭერით, მიმდინარეობს ცხოველთა რეგისტრაციის ელექტრონული პროგრამის და მონაცემთა ერთიანი ბაზის დანერგვა, რამაც ხელი შეუწყო აღრიცხვიანობის და მიკვლევადობის გაუმჯობესებას”, – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.