უკრაინის დასახმარებლად დიდი შვიდეულის ფინანსური ლიდერები 18,4 მილიარდი დოლარის გამოყოფაზე შეთანხმდნენ. მათი განცხადებით, ისინი მზად არიან უკრაინას რუსეთთან ომის განმავლობაში საჭიროების შემთხვევაში მეტი დახმარება გაუწიონ.
“ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის გვერდით დგომას მთელი ომის განმავლობაში და ომის შემდეგაც. მზად ვართ გავაკეთოთ უფრო მეტი, საჭიროების შემთხვევაში” – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
დიდი შვიდეული მიესალმა ევროკომისიის წინადადებას ასესხოს უკრაინას 9 მილიარდი ევრო და აღნიშნა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია გეგმავენ დაეხმარონ უკრაინას 3,4 მილიარდი დოლარის ოდენობით. მაგრამ განცხადებაში არ იყო ნათლად ნათქვამი, ეს თანხები იქნება 18,4 მილიარდი დოლარის ნაწილი თუ დამატებითი დახმარება.
უკრაინის შეფასებით, რუსეთის მიერ ყოველდღიური ნგრევის მიუხედავად, მას თვეში დაახლოებით 5 მილიარდი დოლარი სჭირდება საჯარო მოხელეების ხელფასების გადახდისა და ადმინისტრაციული ხარჯების დასაფარად.
“მოვუწოდებთ ყველა პარტნიორს, შემოგვიერთდნენ უკრაინის რეკონსტრუქციის გრძელვადიან პროცესში და უზრუნველყონ ერთობლივი ძალისხმევა, უკრაინის ხელისუფლებასთან და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთად” – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.