რიკოთის სარეაბილიტაციო პროექტის საერთაშორისო აუდიტთან დაკავშირებით “ლელოს” მოთხოვნას, სხვა ოპოზიციური პარტიებიც უერთდებიან. ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, სამუშაოები რამდენიმე მიმართულებით დარღვევებით მიმდინარეობს, მათ შორისაა უსაფრთხოების საკითხები, ეკოლოგია და ფინანსები.
“ევროოპტიმისტები” საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე, რომან გოცირიძე ამბობს, რიკოთის ტრასა ცუდად არის დაპროექტებული და აშენებული, რის გამოც აღნიშნული ტრასა სერიოზული პრობლემის შემქმნელია.
“ცუდად დაპროექტებული და ცუდად აშენებულია – ასე შეგვიძლია დავახასიათოთ რიკოთის ის ტრასა, რომელიც არის სერიოზული პრობლემის შემქმნელი. 150 მილიარდია, 11 წლის ბიუჯეტი, ჯამური თანხა “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში. აქედან 20 მილიარდი დაიხარჯა გზებზე, მხოლოდ ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ. რა შედეგი მივიღეთ? ძალიან კარგად გამოჩნდა – გაიფლანგა ფული და ამ 20 მილიარდიდან ძალიან დიდი რაოდენობა თანხისა “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული ბიზნესის ჯიბეში აღმოჩნდა. ამომწურავი პასუხი უნდა გასცეს საზოგადოებას მინისტრმა და სექტემბრის პირველივე რიცხვებში დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტზე იგი უნდა გამოცხადდეს,” – აცხადებს რომან გოცირიძე.
“სტრატეგია აღმაშენებლის” წარმომადგენელი ოპოზიციის მოთხოვნას განმარტავს და ამბობს, რომ მოთხოვნაა გამჭვირვალედ, სპეციალისტების, მიუკერძოებელი პირებისა და კომპანიების ჩართულობით მოხდეს პრობლემების მოკვლევა.
“ადამიანები, ვინც გადაადგილდებიან ყოველდღიურ რეჟიმში ეჯახებიან ამ საფრთხეებს. ხომ საფრთხეა, როდესაც წარამარა ხან ერთი, ხან მეორე კლდე ჩამოიშლება, ხან გვირაბს თავიდან თხრიან, ხან გზას თავიდან ანგრევენ და თავიდან გაჰყავთ. რა თქმა უნდა, ეს საფრთხეა.
კონკრეტული მოთხოვნა არის, რომ გამჭვირვალედ, ღიად სპეციალისტების ჩართულობით, მიუკერძოებელი პირების და კომპანიების ჩართულობით მოხდეს მოკვლევა პრობლემური რა არის, რა სეგმენტებია, რა საკითხებია, რა მიმართულებებია, ეს იყოს საჯარო და ამის მიხედვით მოხდეს უკვე გადაწყვეტილების მიღება,” – აცხადებს “სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტსაბჭოს წევრი სერგო ჩიხლაძე.