Saturday, June 10, 2023
spot_img
მთავარისაზოგადოება„გოგოები აფხაზეთიდან“ - აფხაზეთის ა/რ საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის ახალი პროექტი

„გოგოები აფხაზეთიდან“ – აფხაზეთის ა/რ საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის ახალი პროექტი

„გოგოები აფხაზეთიდან“ – ასე ჰქვია აფხაზეთის ა/რ საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის ახალ პროექტს, რომელიც აფხაზი და ქართველი გოგონების მეგობრობას და საქართველოში მოგზაურობას ეხება.

პროექტებთან დაკავშირებით „აქცენტი“ ცენტრის ხელმძღვანელ ეკა წივწივაძეს ესაუბრა. მისი თქმით მილენა აჟიბა ეთნიკური აფხაზია, ნინო პაპავას ოჯახიც აფხაზეთიდან არის დევნილი თუმცა ორივე გოგონა ომის შემდეგ რუსეთში დაიბადა. გოგოები საქართველოში რამდენიმე თვის წინ დაბრუნდნენ, ახლა კი მათი სამომავლო ცხოვრებისეული და კარიერული გეგმები საქართველოსთან არის დაკავშირებული. გარდა იმისა რომ ნინო და მილენა აფხაზეთის საინფორმაციო ცენტრში ბლოგერებად დასაქმდნენ, ისინი სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობებიც გახდნენ.

„როდესაც ნინოსა და მილენას შესახებ შევიტყვე მაშინვე გამიჩნდა იდეა ერთობლივი პროექტი გაგვეკეთებინა. პირველივე შეხვედრაზე მითხრეს, რომ სამწუხაროდ საქართველოს კარგად არ იცნობდნენ. მაშინ შევთავაზე გაგვეკეთებინა ვიდეო ვლოგები და ერთად გვემოგზაურა საქართველოში. დაგვეთვალიერებინა ტურისტული ობიექტები, ახალი ადგილები, გვენახა პროგრესი, რომელიც ქვეყანამ ბოლო 30 წლის მანძილზე განიცადა.

პირველი ვიდეო ვლოგი, რომელშიც გოგონები საკუთარი თავების შესახებ საუბრობენ, სოციალურ ქსელებში უკვე გამოვაქვეყნეთ. ვიდეომ საერთო ჯამში 50 ათასზე მეტი ნახვა მოაგროვა. ძალიან დიდი გამოხმაურება აქვს აფხაზეთიდან. ჩვენი მიზანიც ეს არის: დაინახონ როგორ ვითარდება ჩვენი ქვეყანა, ტურისტებისთვის როგორი მიმზიდველია საქართველო და რაც მთავარია როგორ მშვიდ გარემოში ცხოვრობენ და მოგზაურობენ, კარიერას იწყობენ და ვითარდებიან ქართველი და აფხაზი გოგონა ერთად. ეს თუ შეძლეს მილენამ და ნინომ შეუძლია სხვებსაც“- გვიყვება ეკა წივწივაძე.

გოგონების პირველი ვიდეო ვლოგი უკვე განთავსებულია, როგორც ორგანიზაციის ფეისბუქ გვერდზე ასევე სხვადასხვა სოციალურ ქსელში. უახლოეს დღეებში კი ახალი ვიდეო ვლოგი გამოქვეყნდება, რომელიც გოგონებმა ბაკურიანში, მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობის პარალელურად ჩაწერეს.

RELATED ARTICLES

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები