“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” განცხადებით, 10 აგვისტოს კომპანია უნივერსიტეტის ქუჩის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთების ბოლო სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ცნობით, გადაერთებითი სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 10 აგვისტოს, დილის 11:00 საათიდან, 11 აგვისტოს 17:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
- წყნეთს, სოფელ ახალდაბას; დაბა წავკისს, შინდისს, კოჯორს, კიკეთს, ბეთანის; სოფლებს – კვესეთს, ტაბახმელას, სამადლოს და დიდებას.
წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.
კომპანიის ცნობით, რეაბილიტაციის ფარგლებში უნივერსიტეტის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემა სრულად განახლდა – ჯამში 5.5 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალმომარაგების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელი შეიცვალა, 38 ერთეული ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდა, 62 საკვანძო ჭა და 8 სახანძრო ჰიდრანტი მოეწყო. პროექტის საინვესტიციო ღირებულებამ 4 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.