„თუ სააკაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” მთავარსარდალია, გენერალი ნიკა გვარამიაა,პარტიული ომი ვიდრე არ დამთავრდება, მთავარსარდალს და გენერალს არავინ გამოუშვებს“, – ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
რაც შეეხება, პარლამენტის ბოიკოტის თემას, იაგო ხვიჩიამ განაცხადა,რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუძლია პარლამენტი დატოვოს და თავად შედეგს დააკვირდება.
“ჩემი აზრით, კარგი იქნება “ნაცმოძრაობამ” ჯერ თვითონ დატოვოს საპარლამენტო ცხოვრება, შემდეგ დავაკვირდებით, ეს გზა წარმატებულია თუ არა, თუ წარმატებულია – მივბაძავთ, თუ დავინახეთ, რომ გამარჯვების გზაა, მაგრამ თუ არ არის გამარჯვების გზა და პირიქით ხრამია, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია, ხრამში ხომ არ გადავყვებით, ვიღაც თავით რომ ეშვებოდეს. ჩვენ ვიცოდით, რომ ეს არასწორი იყო, ვაფრთხილებდით კოლეგებს, მაგრამ რომ არ გვიჯერებდნენ, მერე არ ვთვლიდით თავს ვალდებულად ხრამში ჩავყოლოდით. მე არ ვთვლი, რომ ახლა “ნაცმოძრაობა” მე მთხოვს რამეს. კარგი იქნება ჩვენს და “ნაცმოძრაობის” ქმედებებს დააკვირდეთ, არ მგონია, იქ რაიმე საერთო ნახოთ, არ ვართ ჩვენ “ნაცები”, არც “ქოცები” ვართ, ორივეს გვაბრალებენ, “გირჩები” ვართ,”- განაცხადა ხვიჩიამ.