პირადად მე ტერმინი „აგენტი“ მომწონს – მომწონს, რადგან ყველაზე მეტად ასახავს დანიშნულებას, რაც ამ ტერმინს აქვს, – ეს განცხადება უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ინიცირებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას გააკეთა.
კითხვაზე, პროექტის განხილვის დროს რამდენად მოსალოდნელია „უცხოური გავლენის აგენტის“ კორექტირება და მისი სხვა ტერმინით შეცვლა, კობახიძემ განაცხადა, რომ თეორიულად სხვა ტერმინის გამოყენებაც შეიძლება, მაგრამ ეს ყველაზე მეტად რელევანტურია.
ამ კონტექსტში კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აგენტი არც დასჯადი და არც უკეთური საქმიანობა არ არის.
„ამიტომ ყველაზე მეტად მომწონს! ტერმინ “აგენტს“ ნებისმიერ ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში ორმაგი გამოყენება აქვს. აშშ-შიც აგენტი ნიშნავს აგენტს ვიწრო გაგებით – ანუ ჯაშუშის გაგებით. ჩვენი კანონმდებლობა აგენტს და ჯაშუშს ერთმანეთისგან მიჯნავს. ამერიკის კანონმდებლობაშიც იგივეა – ამერიკაში სიტყვა “აგენტი“ ჯაშუშის მნიშვნელობით გამოიყენება, მაგრამ არა კანონმდებლობაში. მაგალითად, ჯეიმს ბონდი იყო “აგენტი 007“. ინგლისურადაც ასეა. საქართველო კანონმდებლობა აგენტს და ჯაშუშს ერთმანეთისგან მიჯნავს. საქართველოში ჯაშუშური საქმიანობა არის დასჯადი. აგენტი არ არის არც დასჯადი და არც უკეთური საქმიანობა.
საქმე უცხოური გავლენის რეალიზებას ეხება. როდესაც რაღაცა ინტერესის რეალიზებაზეა საუბარი ყველაზე ხშირად ტერმინი “აგენტი“ გამოიყენება. ეს გავლენა შეიძლება იყოს კეთილშობილური მიზნებით ნაკარნახევი და შეიძლება იყოს არაკეთილშობილური მიზნებით ნაკარნახევი.
პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი არც ერთ ადამიანს აგენტად არ მოიხსენიებს. საუბარი მხოლოდ და მხოლოდ იურიდიულ პირებზეა. შესაბამისად, ამ კანონპროექტის საფუძველზე ვერც ერთ ადამიანს, თუნდაც ის მართლაც ჯაშუში იყოს, აგენტს ვერ უწოდებ. “აგენტი“ ნეიტრალური ტერმინია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტში ინიცირებულია მმართველ უმრავლესობაში შემავალი “ხალხის ძალის” მიერ მომზადებული “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის პროექტი.
აღნიშნული კანონპროექტი “გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით”, უცხოური გავლენის აგენტებად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა (20%-ზე მეტი) უცხოეთიდან არის მიღებული.
კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც “უცხოური გავლენის აგენტად” მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს.
რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. ამავდროულად, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ.
კანონპროექტი “უცხოური გავლენის აგენტის გამოსავლენად” იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებას ანიჭებს კვლევა ჩაატაროს. უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდებისთვის ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას – 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში – 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა – 20 ათასი ლარი.