დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტისთვის მებრძოლ უკრაინელ სამხედროებს კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ გარდა, უტევენ რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალები. ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის(ISW) ინფორმაციით, მათ შორის არიან 76-ე და 106-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიები.
ამერიკელი ექსპერტები საჯარო სივრცეში გავრცელებული ვიდეოკადრების და სხვა მასალების ანალიზის საფუძველზე აცხადებენ, რომ რუსი მედესანტეები ბახმუტზე შეტევისთვის იყენებენ თერმობარულ საარტილერიო სისტემებს TOS-1A. თერმობარული იარაღი, რომელსაც “ვაკუუმურ ბომბსაც“ უწოდებენ, მაღალი ტემპერატურის აფეთქებას იწვევს. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის შეფასებით, ბახმუტის რაიონში ამ ძალების გამოყენება რუსეთს გადამწყვეტ უპირატესობას არ მისცემს.
ამასთან, ამერიკელი ექსპერტების თანახმად, 5 აპრილს, რუსეთის ძალებმა ბახმუტის რაიონში წინ წაიწიეს ჩრდილოეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ მიმართულებებით.
- რუსეთის რეგულარული არმიის ქვედანაყოფები და კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერი” 2022 წლიდან ცდილობენ დაიპყრონ დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტი, რომლის ფართობი დაახლოებით 42კმ²-ია.
- ომის დაწყებამდე ბახმუტში 72 000 ადამიანი ცხოვრობდა.