პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ კორძაია აცხადებს, რომ მის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 2022 წლის პირველი მარტიდან 2023 წლის 26 აპრილამდე საქართველოში რუსეთის მოქალაქეებზე, ჯამურად, 424 449 მ² მიწა გასხვისდა.
კორძაიას თქმით, ბოლო 1 წელში საქართველოში დარეგისტრირდა 8 832 ინდმეწარმე და დარეგისტრირდა 889 იურიდიული პირი.
ამის შესახებ მან დღეს, 30 მაისს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.
დეპუტატის თქმით, ეს ყველაფერი რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენამდე ხდებოდა, რაც ადასტურებს, რომ საქართველოს ფრენების აღდგენა არც პოლიტიკურად და არც ეკონომიკურად გასაძლიერებლად არაფერში ჭირდებოდა, თუ არა იმისთვის, რომ ევროპისთვის ეჩვნებინა მისი ცუდი დამოკიდებულება.
„რატომ ვივიწყებთ, რას აკეთებს ევროპა ჩვენთვის, რა გაუკეთებია და რა ხარისხის მხარდაჭერას ავლენს საქართველოსთან მიმართებით? ის, რომ ჩვენთან მშვიდობაა, ეს ევროპის დამსახურებაცაა. არ არის სწორი იმის შედარება, რა სარგებელს იღებს ევროკავშირი და რა სარგებელს იღებს საქართველო, ცოტა უხერხულია ამ ტიპის შედარებების გაკეთება…
არ შეიძლება საკუთარი მოქალაქეების ეკონომიკური სარგებლით მოტყუება, ადამიანების სიღარიბით მანიპულაცია, მაშინ, როდესაც რუსეთის მოქალაქეები უკრაინის მოქალაქეებს კლავენ. არავინ გვეუბნება, რომ ჩვენ უნდა ამოვწყდეთ ენერგორესურსების გარეშე, ჩვენ გვეუბნებიან, რომ მინიმალური სტანდარტი მაინც დავიცვათ და ნუ გავაკეთებთ იმაზე მეტს, რაც ჩვენს ქვეყანას არ სჭირდება. პირდაპირი ფრენების აღდგენა არაფერში გვჭირდებოდა, გარდა იმისა, რომ პოლიტიკურად დაზიანდა ჩვენი ქვეყანა“, — განაცხადა კორძაიამ.
თამარ კორძაიას თქმით, შემოსავლების სამსახური არ ამბობს, რა ტიპის კომერციულ საქმიანობას ეწევიან რუსეთის მოქალაქეები, რა პროდუქცია გააქვთ და შემოაქვთ ქვეყანაში, რადგან ეს საგადასახადო საიდუმლეობას წარმოადგენს. ამიტომ დეპუტატი ითხოვს, რომ ეს ინფორმაცია მას საიდუმლოების დაცვის მოთხოვნით მაინც მისცენ.
ამასთან, თამარ კორძაის განცხადებით, უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშში არაფერია ნათქვამი ამ რაოდენობის რუსებთან დაკავშირებით უსაფრთხოების კონტექსტში და ამიტომ ის სუს-ის უფროს გრიგოლ ლილუაშვილს მიმართავს კითხვით, იღებს თუ არა პასუხისმგებლობას უსაფრთხოების სფეროში, როდესაც ამდენი რუსეთის მოქალაქეა შემოსული.