“სამპდორიასთან” სერია A-ს ბოლო ტურის მატჩის წინ, “ნაპოლის” გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას “დიეგო არმანდო მარადონაზე” სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი საზეიმოდ გადასცეს.
კვარაცხელია “ნაპოლიში” გასული წლის ზაფხულში გადავიდა და პირველივე სეზონში MVP გახდა.
ხვიჩამ ჩემპიონატის 33 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა და თავისი გუნდის მიერ სკუდეტოს მოპოვებაში დიდი წვლილი შეიტანა.
სეზონის საუკეთესო მცველის პრიზი კიმ მინ ჯეს გადაეცა, საუკეთესო თავდამსხმელის ვიქტორ ოსიმენს, ხოლო საუკეთესო მწვრთნელის – ლუჩანო სპალეტის.
სერია A-ს ბოლო ტურში, საკუთარ მოედანზე “სამპდორიას” 2:0 დამარცხების შემდეგ, “ნაპოლის” ფეხბურთელებს ჩემპიონის თასი და ოქროს მედლები გადასცეს. სეზონის საუკეთესო ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ Dazn-ს განუცხადა, რომ ნეაპოლელები გუნდში მის მომავალთან დაკავშირებით ოპტიმისტურად უნდა იყვნენ განწყობილი.
– პირველ რიგში, მინდა, თანაგუნდელებს მადლობა გადავუხადო, მათ გარეშე ამ ჯილდოს ვერ მოვიპოვებდი. პარტნიორებმა თვითრწმენა შემმატეს და ადაპტაციაში დამეხმარნენ. ეს პრიზი მათაც ეკუთვნით.
– რომელი იყო სეზონის ყველაზე ლამაზი ეპიზოდი?
– უდინეში ჩატარებული შეხვედრა, როდესაც სკუდეტო მოვიგეთ. ეს დაუვიწყარი გახლდათ. თუმცა ეს შემდგომი წარმატებისაკენ პირველი ნაბიჯია.
– შენს ყოველ თამაშს ქართველები ესწრებოდნენ…
– მადლობა მხარდაჭერისთვის ქართველ გულშემატკივრებს. მათ ნეაპოლი შეიყვარეს.
– თავს ლიდერად გრძნობთ?
– ამ გუნდში ოსიმენიდან დი ლორენცომდე ბევრი ლიდერია. ჩემს საქმეს ვაკეთებ და ვერ გეტყვით, ვარ თუ არა ლიდერი.
– მომავალს ოპტიმისტურად უყურებთ?
– რა თქმა უნდა, დაწყებული საქმე უნდა გავაგრძელოთ. იმედიანად იყავით, მე მიყვარს ნეაპოლი.