ხვიჩა კვარაცხელიამ ქართველი გულშემატკივრები ფეხბურთსა და ტელეეკრანებთან მასობრივად დააბრუნა – “კვარას” მაისურით უამრავ ბავშვს ნახავ, რომელთაც ქართველი გმირი ჰყავთ; ვეტერანებს ძველი თბილისის “დინამოს” ემოციები გაუღვივდათ… ამ ფონზე ნერვიულობამაც იმატა, რადგან ქართველ გარემარბს შედეგიანი მოქმედება 19 მარტის შემდეგ არ ჰქონია. ფაქტია, ჩვენებური სეზონის ბოლოს საერთო ასპექტით ისე ვეღარ გამოიყურება, როგორც თუნდაც იანვრიდან მარტამდე მოყოლებული, თუმცა ყველაფერს თავისი მიზეზები აქვს და ახსნადია…
ბოლო მატჩი
ჯერ, ტრადიციულად, უკანასკნელი შეხვედრა განვიხილოთ”ინტერთან” 3:1 . როგორც მოსალოდნელი იყო, ლუჩანო სპალეტის გუნდი უფრო მოტივირებული ჩანდა, ვიდრე ბოლო მატჩებში და მთავარი მიზანი შეასრულეს – სეზონში ცხრამეტივე მეტოქე დამარცხებულია!.. მილანელთა მხრიდან ის ვნახეთ, რასაც “ნაპოლის” წინააღმდეგ შევეჩვიეთ – დაცვის მისადგომების ზედმიწევნით გაძლიერება, მეტოქის შეტევის ხაზის მაქსიმალურად ზემოთ ამოწევა და საკუთარი შანსების კონტრშეტევაზე ნახვა. არავინ იცის, მოვლენები როგორ განვითარდებოდა, “ინტერი” კაცნაკლული რომ არ დარჩენილიყო, ასე კი სიმონე ინძაგის გუნდმა საწადელს, თანაც გადახალისებული შემადგენლობით, ვერ მიაღწია.
კვარაცხელიას განსხვავებული ტაიმები ჰქონდა. თუკი საწყის 45 წუთში პრესინგზე ნაკლებად აქტიური იყო, მეორე ნახევარში უფრო აგრესიული და შეტევაში აქტიური ვნახეთ. ხვიჩას მთავარი მოწინააღმდეგე 23 წლის ბელანოვა იყო, რომელიც სასტარტოს მოთამაშე არაა. მას ჩვენებური რამდენჯერმე ოსტატურად გასცდა და “თამაშს გარეთ” დატოვა, თუმცა მეურვე სისწრაფის ხარჯზე პოზიციების დაბრუნებას მაინც ახერხებდა (ვეტერანი დ’ამბროზიოც აზღვევდა). სულ ვუთითებთ, რომ ფიზიკური გაძლიერების მიუხედავად, “კვარადონა” სისწრაფეს ინარჩუნებს, თუმცა ეს ზღვარი სადღაც მაინც გადის და ამ კომპონენტით გამორჩეულ მცველებთან (მით უმეტეს, ხვიჩა პრემიერლიგაში თუ ითამაშებს) ბურთთან ერთად აჩქარების უპირატესობის შენარჩუნება უნდა მოხდეს. დიდი ალბათობით, მომავალი წლიდან იტალიის ჩემპიონებს ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლებათ, რომელიც 77-ე ნომრის დადებით მხარეებს შეტევით ასპექტებში განსხვავებულად გამოიყენებს.
ლუჩანოს ფორმაციაში გარემარბები კარისგან საკმაოდ შორს და გვერდით ხაზთან ახლოს მოქმედებენ. ქართველი ფეხბურთელი შედეგიანობას ამ ვითარებაშიც ახერხებდა, “ინტერთან” კი მისი ცენტრისკენ შესვლა და დარტყმა (რაც ბოლო დროს იშვიათად ხდება) გოლით არ დასრულდა. ხვიჩამ ორივე შემთხვევაში სივრცე ძალიან კარგად გაითავისუფლა, დასარტყმელად იდეალური დროც მოძებნა, ცუდადაც არ დაურტყამს, ონანა კი ძლიერი მეკარეა, თანაც ასე ჩანდა, ის ზუსტად გრძნობდა, “კვარას” ბურთისთვის რა მიმართულება უნდა განესაზღვრა. კვარაცხელია მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებულია და იმ ფონზე, როცა მთელი სერია “ა” მისი შესწავლითა და შესაბამისი ზომების მიღებითაა დაკავებული, დარწმუნებული ვართ, მას მომავალ სეზონში კიდევ უფრო მრავალფეროვანი არსენალით ვიხილავთ. მარცხენა გარემარბს ახლა გოლი ცოტათი მოენატრა, ისე კი შედეგიანობა ისედაც მკვეთრადაა გაზრდილი, რუსეთის პირველობაზე მისი საუკეთესო შედეგი 4 გოლი იყო.
გაუქმებული გოლის დროს ვნახეთ ეპიზოდი, როცა კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, ჩვენებურში პასის კულტურა რა მაგრად ზის – როცა ზელინსკის ცოტათი გაუგებარი მოქმედებების შემდეგ ქართველმა შემტევმა სიმეონე მოძებნა, გოლი კი პოლონელის დაჯარიმების გამო გაუქმდა. რაც გვაკლია, ქართულ-ნიგერიული დუეტის გოლით დასრულებაა და ხვიჩამ ვიქტორი ბოლო მატჩშიც რამდენჯერმე ძალიან დროულად, ზუსტად და მახვილგონივრულად შეიმჩნია. ეს ის შემთხვევა არ ყოფილა, როცა პასის გაცემის მომენტი მოწინააღმდეგეებმა გაშიფრეს, თუმცა გაძლიერებული მეურვეობის პირობებში ოსიმენს ბურთის სათანადოდ მოხელთება და კარის აღება გაუჭირდა.