ბელარუსის ავტოკრატი პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო რუსეთისგან უსაფრთხოების გარანტიას ითხოვს, რომ საჭიროების შემთხვევაში, მოსკოვი ბელარუსს ისე დაიცავს, როგორც საკუთარ ტერიტორიას.
“ეს გაჟღერდა პუტინისა და ლუკაშენკოს მოლაპარაკებებზე, ისე, რომ ბელარუსის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში, რუსეთის ფედერაციამ ბელარუსი საკუთარი ტერიტორიასავით დაიცვას. აი, ასეთი უსაფრთხოების გარანტიები გვჭირდება”. – თქვა ლუკაშენკომ.
ლუკაშენკოს თქმით, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან საუბრის დროს ამ უკანასკნელმა მხარი დაუჭირა მის ყველა მოსაზრებას და თქვა, რომ უნდა გადახედონ ორ ქვეყანას შორის არსებულ შეთანხმებებს, რათა შეჯერდნენ, თუ რა სახის ახალი აქტი აქვთ მისაღები.
“პუტინმა მხარი დამიჭირა აბსოლუტურად ყველა მიმართულებით და ამბობს, რომ გვჭირდება ჩვენი, რუსეთისა და ბელარუსის ყველა შეთანხმებაზე გადახედვა, ნახვა, სახელმწიფოთაშორისი ტიპის რა სახის ნორმატიული სამართლებრივი აქტი უნდა მივიღოთ ახლა, რომ უზრუნველვყოთ ბელარუსის სრული უსაფრთხოება”. – თქვა ლუკაშენკომ.
გასულ კვირას ლუკაშენკო რუსეთს ესტუმრა და პუტინს შეხვდა. ისინი შეთანხმდნენ, რომ ორი ქვეყნის სამოკავშირეო სახელმწიფოს უსაფრთხოების კონცეფციას მოამზადებდნენ.