საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ როინ მებონიას ადვოკატის, სულხან კომახიძის განცხადებით, მამაკაცს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ის ერთი წლის წინ, სტაციონარში მკურნალობდა.
მისი თქმით, დაკავებული მამაკაცი ბოლო პერიოდში მედიკამენტებს აღარ იღებდა.
“ადამიანს აქვს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა აუცილებლად შესწავლას საჭიროებს. ქმედების განხორციელების დროს შეეძლო თუ არა მას სრულად გაეცნობიერებინა ის, რასაც აკეთებდა, საჭიროებს სერიოზულ კვლევას. ცოლ-ქმარი იყვნენ, ერთად ცხოვრობდნენ, რა მოხდა, ამ ფაქტებს დაკავებული ვერ იხსენებს. ბრალდებას არ უარყოფს, შემთხვევის ადგილიდან არსად არ წასულა, პოლიციას ჩაბარდა, მაგრამ ფაქტია, რომ განვითარებულ მოვლენებს ვერ იხსენებს და ვერ ხსნის იქ რა მოხდა. წარსულში სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა, ის მკურნალობას სტაციონარში გადიოდა. ვიცი, რომ მედიკამენტები დანიშნული ჰქონდა, მაგრამ ამ ბოლო პერიოდში მედიკამენტებს არ ღებულობდა. სტაციონარში დაახლოებით, ერთი წლის წინ მკურნალობდა. მას დღესდღეობითაც აქვს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა”,- განაცხადა კომახიძემ.