ნათია ბახტაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილს, აინარ ცვიჟბას ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა. „ეხო კავკაზას“ ინფორმაციით, ამის შესახებ გალის რაიონის „პროკურორმა“ ალხას ოთირბამ განაცხადა.
„ახალგაზრდა ქალის ცხედრის ძებნა გრძელდება. ჩართული არიან ნავები, სამართალდამცავები, ადგილობრივი მცხოვრებლები, კინოლოგები“, – წერს GalMedia.
ოკუპირებულ გალში მცხოვრები, ნათია ბახტაძე 28 ივლისს გაუჩინარდა. 2 აგვისტოს ცნობილი გახდა ეჭვმიტანილი აინარ ცვიჟბას დაკავების შესახებ. მან მკვლელობა აღიარა. მისი თქმით, მან ახალგაზრდა ქალი 28 ივლისს ავტომობილში მოკლა, ხოლო ცხედარი მდინარე ენგურში გადააგდო.
განზრახ მკვლელობის მუხლი, რომლითაც საქმე აღიძრა, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან თორმეტ წლამდე.