“მთავარი არხის” დირექტორის ადვოკატები, უზენაეს სასამართლოში მოსამართლე მერაბ გაბინაშვილის აცილებას ითხოვენ . ნიკა გვარამიას ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა უზენაეს სასამართლოსთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხელისუფლება ცდილობს სასურველი გადაწყვეტილების მისაღებად მოსამართლეების შერჩევას.
“ჩვენთვის აშკარაა, რომ ხელისუფლება მისთვის სასურველი გადაწყვეტილების მისაღებად სასამართლო შემადგენლობის დაკომპლექტებას ცდილობს, რაც ჩვენს უფლებებს არღვევს, ვინაიდან სასამართლოს აქვს 6-თვიანი ვადა, ამ ვადის ნახევარი ისე ამოიწურა, რომ სასამართლოს შემადგენლობაზე ვერ ჩამოყალიბდა კლანი… მოვუწოდებთ სასამართლოს არ დაარღვიონ კანონით გათვალისწინებული 6-თვიანი ვადა”, – თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
ერთ-ერთი გახმაურებული საქმე, რომელშიც მერაბ გაბინაშვილი მონაწილეობდა ყოფილ თავდაცვის მინისტრს დავით კეზერაშვილს შეეხებოდა. უზენაესი სასამართლოს სამმა მოსამართლემ: შალვა თადუმაძემ, ლევან თევზაძემ და მერაბ გაბინაშვილმა ორი ინსტანციის გამამართლებელი განაჩენი გამამტყუნებელი გადაწყვეტილებით შეცვალა.