“ეხო კავკაზას” ინფორმაციით, სოხუმის ე.წ. პროკურატურა რუსლან გამისონიას „სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთასა“ და „მედიის გამოყენებით საჯარო მოწოდებებს, რომლებიც მიმართულია აფხაზეთის ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის დარღვევას“ ედავება.
დე ფაქტო პროკურატურის მიერ ვრცელდება ინფორმაცია, რომ გამისონიამ „აფხაზეთი 2022 წლის ივნისში , განზრახ, უკანონოდ, გამშვები პუნქტის მიღმა მოქმედი დოკუმენტაციისა და სათანადო ნებართვის გარეშე“ დატოვა.
2022 წლის აგვისტოში კი, აფხაზმა ბლოგერმა დაურ ბუავამ თავის TikTok-ის გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც დე ფაქტო უწყებებმა ამოიკითხეს „იდეები, რომლებიც შეიცავს მომხმარებელთა შეუზღუდავი წრისადმი ფარულ მიმართვას, რომელიც მიზნად ისახავს აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის დარღვევას და აფხაზეთის რესპუბლიკის საქართველოში შემადგენლობაში შესვლას“.
გამისონიას თქმით, იძულებული იყო, სოხუმიდან თბილისში გადასულიყო. „ის, რაც აფხაზეთში ხდება… ის ძალა, რომელიც სიმართლის თქმის საშუალებას არ იძლევა, ყიდის მიწებს, ხალხის, ახალგაზრდობის განადგურებით არის დაკავებული. არ არის განვითარება, ეწევა პროპაგანდას, რომ აქ მტრებია, თითქოს მტრებია, მაგრამ აქ მტრები არ არიან. ერთობლივი დიალოგის დროა. უნდა დავიწყოთ ურთიერთობების დალაგება, უნდა მივიდეთ მომავალთან. აქ არის მომავალი, ყველა ერთმანეთს ეხმარება, ყველაფერი კიდევ უფრო ცუდად იქნება, მშვიდობა მსოფლიოს“.