Sunday, September 24, 2023
spot_img
მთავარიპოლიტიკაპოლიციის დღე სამართალდამცავებს, სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელებმა მიულოცეს

პოლიციის დღე სამართალდამცავებს, სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელებმა მიულოცეს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პოლიციის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, შინაგან საქმეთა სამინისტროში შემავალი ყველა უწყების თანამშრომელს პროფესიული დღე მიულოცა.

„ქართლმა პოლიციამ შეძლო გარდაქმნა და ის საბჭოთა ძველი ინსტიტუტი აღარ არსებობს. დღეს არსებობს თანამედროვე დემოკრატიული ქვეყნის თანამედროვე პოლიციური ძალა, მაგრამ მინდა ერთი საკითხი ვახსენო – მართალია, ზოგიერთებს არ უყვართ სიტყვა „სამარცხვინოა“, მაგრამ ჩემთვის და ვიცი, რომ თქვენთვისაც, სამარცხვინოა, რომ დღეს საქართველოში ხდება კიდევ ის სასტიკი ქალთა მკვლელობა ბავშვების თვალწინ. ვიცი, რომ ამას თქვენც არ მოითმენთ, თქვენთვისაც ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა და ვიცი, რომ ამ კუთხით უკვე ძალიან ბევრი რამ გაკეთდა. უკვე ბევრად უფრო დაცულად გრძნობენ თავს ქალები, როცა მიდიან პოლიციასთან და იციან, რომ ამას მოჰყვება შემაკავებელი ორდერი და ეს უკვე აღარ არის გამონაკლისი, მაგრამ ისიც ვიცით თქვენც და მეც და ყველამ, რომ კიდევ ძალიან ბევრია გასაკეთებელი ამ მიმართულებით იმისთვის, რომ ეს საქართველოში აღარ მოხდეს. ეს აღარ უნდა დავუშვათ და ეს არის ჩვენი ერთობლივი მიმართულება, რომ ამისკენ ყველამ გადავდგათ ნაბიჯი, ყველა ზომა მივიღოთ, ეს იქნება მთავრობა, პარლამენტი თუ თქვენი შიდა გადაწყვეტილებები, ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ იმას მივაღწიოთ, ოჯახში ძალადობა ჩაბარდეს წარსულს და მაშინ ვიქნებით ნამდვილად თანამედროვე, ცივილიზებული, დემოკრატიული ქვეყანა და ეს იქნება თქვენი დამსახურება“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა სიტყვით გამოსვლისას სამინისტროს მიერ ევროკავშირთან ინტეგრაციისა და უვიზო მიმოსვლის მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები აღნიშნა. „ქართულმა პოლიციამ და შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეფორმებმა, წარმატებულმა პროექტებმა ევროკავშირთან ინტეგრაციისა და უვიზო მიმოსვლის განხორციელების მიმართულებით უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა“.- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა. მან საერთაშორისო პარტნიორების მიმართაც გამოხატა მადლიერება მხარდაჭერისთვის, უმნიშვნელოვანესი დახმარების აღმოჩენისა და ღირსეული პარტნიორობისთვის.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კი პოლიციელებს მადლობა გადაუხადა გაწეული სამსახურისთვის და დასძინა, რომ მიუღებელია პოლიციისადმი დაუმსახურებელი, შეურაცხმყოფელი გამოთქმები, რასაც, სამწუხაროდ, ოპონენტები ხშირად იმეორებენ.„რა თქმა უნდა, ეს არ უნდა იყოს შეგუებული, არცერთი ასეთი ფაქტი არ უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე. პოლიციელი უნდა იყოს ხელშეუხებელი და, რა თქმა უნდა, მე არ მაქვს საუბარი ცალკეულ გადაცდომებზე, რომლებზეც სამინისტრო შესაბამისად რეაგირებს, მაგრამ მიუღებელია და კატეგორიულად ვგმობ ნებისმიერ მცდელობას, რომ შეურაცხყოფა მიაყენონ თქვენს საამაყო საქმიანობას, თქვენს პროფესიას. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ თითოეული ასეთი ქმედება იქნება დასჯილი და ჩვენ არცერთ კომპრომისს არ დავუშვებთ“ – აღნიშნა ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას. პოლიციელის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ახალი სიმღერის პრეზენტაციით დასრულდა. „ვემსახურები საქართველოს“, მუსიკის ავტორი რუსა მორჩილაძე, ტექსტი კი ირინა სანიკიძეს ეკუთვნის დამომღერალმა ოთო ნემსაძე და ანსამბლი „ქართულმა ხმები“ ასრულებენ.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები