ფოთში, მეტალურგიულ ქარხანაში აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ადგილობრივების ინფორმაციით, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ახლოს მდებარე საცხოვრებელ კორპუსის კედლები დაზიანდა. მსგავსი შემთხვევა ხშირია, რაც ავარიულ კორპუსს დამატებით საფრთხეს უქმნის. ამასთანავე, ადგილობრივები აცხადებენ, რომ ქარხნიდან გავრცელებული გამონაბოლქვი მათ ჯანმრთელობას უარყოფიტად მოქმედებს.
“აფეთქების ხმაზე გარეთ გამოვცვივდით. დიდი შენობაა ძველი აშენებული და ჩამოიშალა. გაუსაძლის პირობებში გვიწევს ცხოვრება. ქარხნიდან გამონაბოლქვით დაბინძურებულია ჰაერი, ხმაურია, ხშირი აფეთქებები. აქ 29 პატარა ბავშვი ცხოვრობს და ზოგიერთს ანალიზებში რკინის მაღალი მაჩვენებელი დაუფიქსირდა. 25 წელზე მეტია ვითხოვთ ყურადღებას. გაგვასახლონ ეტაპობრივად”.- განაცხადა ზურაბ დორჩოშვილმა.
მეტალურგიული ქარხნის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ უსაფრთხოების ნორმები მაქსიმალურად დაცულია. შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველოს ბრიგადა, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი და პოლიცია იყო მობილიზებული.