Sunday, September 24, 2023
spot_img
მთავარიპოლიტიკაპუტინი მარცხდება უკრაინაში, მაგრამ იმარჯვებს საქართველოში - აცხადებენ ამერიკელი დიპლომატები

პუტინი მარცხდება უკრაინაში, მაგრამ იმარჯვებს საქართველოში – აცხადებენ ამერიკელი დიპლომატები

მაშინ, როცა უკრაინელები რუსეთის ებრძვიან, საქართველო არასწორი მიმართულებით მიემართება – ასე აფასებენ არსებულ მდგომარეობას, აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, დევიდ კრამერი.

მაშინ, როცა საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ნატოსა და ევროკავშირთან დაახლოების მომხრეა, ქვეყნის მთავრობა სხვა არჩევანს აკეთებს.- აღნიშნავენ ამერიკელი დიპლომატები.

„ უკრაინაში კრიზისის პერიოდში საქართველოს მმართველობა სულ უფრო მეტად მოგვაგონებს რუსულ მოდელს ერთპარტიული მმართველობითაა და ოპოზიციის დევნით,“ წერენ იან კელი და დევიდ კრამერი The Bulwark-ში 24 მაისს გამოქვეყნებულ სტატიაში შათაურით: „პუტინი მარცხდება უკრაინაში, მაგრამ იმარჯვებს საქართველოში“.

მათი თქმით, შეერთებულმა შტატებმა და მისმა ევროპელმა მოკავშირეებმა საქართველოზე თავიანთი გავლენა უნდა გამოიყენონ და „მოთოკონ ეს დესტრუქციული ძალები.

 „ავტორიტარიზმისკენ საქართველოს სვლის“ უკანასკნელი მაგალითი გასულ კვირაში „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას „პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით“ გასამართლებაა.

კელი და კრამერი თვლიან, რომ საქართველოს მმართველი პარტია, „ქართული ოცნება“ მყარად აკონტროლებს სასამართლოსა და აღმასრულებელ სისტემას არა მხოლოდ იმისთვის, რომ თავის სასარგებლოდ უზრუნველყოს სასამართლოს განაჩენები, არამედ იმისთვისაც, რომ არ დაუშვას ძლიერი ოპოზიციის არსებობა. ამის მაგალითად მათ ოპოზიციის ლიდერთა „დემონიზაციისა“ და „დევნის“ კამპანია მოჰყავთ, მათ შორის ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ და ხაზს უკვამენ,რომ საქართველოს მთავრობა, გადაწყვეტილებებს იმის მიხედვით, „გაანაწყენებს თუ არა ის კრემლის დიქტატორს“.

„თავის საშინაო პოლიტიკაში მთავრობა განუხრელად ახდენდა ძალაუფლების კონცენტრაციას ხელისუფლების სამივე შტოში და ახდენდა იმ ინსტიტუტების მარგინალიზაციას ან დემონტაჟს, რომლებსაც შეიძლება გაეკონტროლებინა ეს ძალაუფლება,“აღნიშნავენ დიპლომატები და დასძენენ, რომ ეს განსაკუთრებით ცხადად ჩანს იმაში, რომ მთავრობა ეწინააღმდეგება სასამართლო სისტემას, გაატაროს რეფორმები, რისკენაც მას აშშ, ევროკავშირი და არასამთავრობო სექტორი მოუწოდებენ.

ძალაუფლების კონცენტრაციისკენ მიდრეკილება და ოპოზიციის დევნა საქართველოს წინა მთავრობებისთვისაც დამახასიათებელი იყო. მაგრამ, მათი თქმით, „ქართული ოცნების“ შემთხვევაში რადიკალური განსხვავება ისაა, რომ ის რუსეთის საამებელ პოლიტიკას ატარებს და უგულებელყოფს დასავლეთის შეშფოთებას, რეფორმების ნელა გატარების თაობაზე. ამის მაგალითებად კელი და კრამერი საარჩევნო სისტემის თაობაზე შეუთანხმებლობას ასახელებენ, ასევე, ისეთი ორგანიზაციებისა და ჯგუფების მხარდაჭერას, რომლებიც დასავლურ ღირებულებებს ძირს უთხრიან და ხელს უწყობენ რუსეთთან კულტურულ კავშირებს, ან ანაკლიის პორტის პროექტის შეჩერებას.

დიპლომატები თვლიან, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში ყველაზე შემაშფოთებელი უკრაინაში მიმდინარე ომის მიმართ დამოკიდებულებაა. მაშინ, როცა საქართველო უკრაინის „ბუნებრივი მოკავშირე“ უნდა იყოს, საქართველოს მთავრობა უარს ამბობს რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე და ხელს უშლის საკუთარ მოქალაქეებს უკრაინაში საბრძოლველად გამგზავრებაში, ასევე ვრცელდება ინფორმაცია სავარაუდო მცდელობებზე, დახმარება გაუწიოს რუსეთს მისთვის დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლაში.

მათი აზრით, პასუხი კითხვაზე, თუ რატომ აირჩია საქართველომ რუსეთის დამშვიდების კურსი, განსაკუთრებით მაშინ, როცა საკუთარ თავზე გადაიტანა რუსული აგრესია და რატომ ესხმის ის თავს უკრაინის ლიდერებს, რუსეთთან საკუთარი ეკონომიკური კავშირების დაცვაშია, რაშიც „ქართული ოცნების“ წამყვან წევრებს ადანაშაულებენ, კერძოდ მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს. მათი თქმით, ივანიშვილისთვის საგულისხმო უნდა იყოს ის ფაქტი, რომ შეერთებულმა შტატებმა სანქციები უკრაინელ ოლიგარქ იგორ კოლომოისკის და მოლდოველ ოლიგარქ ვლადიმირ პლაჰოტნიუკსაც დაუწესა. ეს ორი შემთხვევა კი იმას მიუთითებს, რომ აშშ სანქციებს ამერიკისადმი მეგობრულად განწყობილი ქვეყნების მოქალაქეებსაც უწესებს.

„ეს ძალზე საჭიროა და დიდი ხანია ამის დრო დადგა ივანიშვილის შემთხვევაშიც,“ აღნიშნავენ სტატიის ავტორები და ახსენებენ, რომ კოლომოისკი და პლაჰოტნიუკი აღარ არიან თავიანთი ქვეყნების ხელისუფლებაში დღეს. საქართველოს შემთხვევაში კი ვითარება სხვაგვარადაა: „ივანიშვილი და მისი ახლო გარემოცვა არ არიან ამომრჩეველთა მიმართ ანგარიშვალდებულნი, თუმცა აშკარად უზარმაზარი გავლენა აქვთ მთავრობის გადაწყვეტილებებსა და პოლიტიკაზე“.

„რუსეთის პერიფერიაში  რამდენიმე დამთმობი რეჟიმი არსებობს, რომლებსაც  ევროკავშირთან და ნატოსთან თანამშრომლობის ეშინიათ, რომ  პუტინის რისხვა არ გამოიწვიონ. ჯერ არც ისე გვიანია, ხელი შევუშალოთ საქართველოს, რომ ერთ-ერთ ასეთ რეჟიმად იქცეს.“ მიაჩნიათ დიპლომატებს. ისინი შეერთებულ შტატებსა და მის ევროპელ მოკავშირეებს მოუწოდებენ, მეტი გააკეთონ, რომ საქართველოს ამ ტენდენციების გამო შეშფოთება აჩვენონ.

„მათ უნდა იმოქმედონ, რათა ხელი შეუშალონ საქართველოს მთავრობას და განსაკუთრებით მათ, ვისაც კულისებს მიღმა უჭირავს ძაფები,რომ მიიღონ გადაწყვეტილებები და გაატარონ პოლიტიკა, რომელიც საქართველოს აშორებს დასავლეთს და რუსეთთან აახლოებს.”

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები