რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (FSO) კაპიტანი გლებ კარაკულოვი, რომელიც დეპარტამენტში 2022 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებამდე ინჟინრად მუშაობდა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის საიდუმლო კომუნიკაციებს უზრუნველყოფდა, საზღვარგარეთ წავიდა და უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომი დაგმო.
სამშაბათს „ცენტრმა დოსიემ“ გამოაქვეყნა ინტერვიუ კარაკულოვთან, რომელშიც თავისი გადაწყვეტილების მიზეზად მან უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ გაჩაღებული ომი დაასახელა.
კარაკულოვმა პუტინს “ომის დამნაშავე” უწოდა, რომლის სამსახურში ყოფნა მისთვის შეუძლებელი აღმოჩნდა.
ოქტომბერში კარაკულოვი მივლინებით ყაზახეთში იმყოფებოდა, სადაც ცოლ-შვილმა ჩააკითხა. მივლინების ბოლო დღეს, ის ოჯახის წევრებთან ერთად სამსახურებრივი პასპორტით სტამბოლში გაფრინდა.
ინტერვიუში ოფიცერი დეტალურად საუბრობს იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს სახელმწიფო დაცვის სამსახური. ამ სპეციალურ სამსახურს მან უწოდა “ძალიან დამოუკიდებელი ორგანიზაცია.” ვლადიმირ პუტინი, მისი თქმით, არ იყენებს არც მობილურ ტელეფონს და არც ინტერნეტს. “ყველა ინფორმაციას ის იღებს მხოლოდ იმ ადამიანებისგან, რომლებიც მასთან უშუალოდ არიან დაახლოებულნი. ის ერთგვარ ინფორმაციულ ვაკუუმში ცხოვრობს”, – ამბობს სპეციალური კომუნიკაციების ოფიცერი. მან ასევე დაადასტურა, რომ ადამიანები, რომლებსაც პუტინთან ერთად უწევთ ოთახში ყოფნა, კვლავ გადიან ორკვირიან კარანტინს. კარაკულოვის თქმით, მან არ იცის რუსეთის პრეზიდენტის მძიმე ავადმყოფობის შესახებ.
რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს FSO-ს ყოფილ თანამშრომელთან ინტერვიუზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
2023 წლის მარტში ბარნაულის სასამართლომ სახელმწიფო ფედერალური დაცვის სამსახურის მაიორ მიხაილ ჟილინს 6,5 წელი მიუსაჯა, რომელიც უკრაინაში ომის გამო ყაზახეთში გაიქცა.
მან პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა, მაგრამ დეკემბერში უკან რუსეთში დააბრუნეს.