დასავლეთის სანაპიროს ოკუპირებულ ქალაქ ჯენინში, ისრაელის რეიდის გაშუქების დროს „ალ-ჯაზირას“ ჟურნალისტი,შირინ აბუ აკლე მოკლეს.ამის შესახებ ინფორმაცია პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.
ჟურნალისტი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. დაიჭრა კიდევ ერთი ჟურნალისტი, იერუსალიმში დაფუძნებული გაზეთის, “ალ-ყუდსის” კორესპონდენტი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ყატარში დაფუძნებული “ალ-ჯაზირა” ჟურნალისტის სიკვდილში ისრაელს ადანაშაულებს. ისრაელის არმია აცხადებს, რომ მის ძალებს ჯენინში მუშაობისას ინტენსიური ცეცხლი გაუხსნეს და მათ საპასუხოდ ისროლეს. არმია აცხადებს, რომ ინციდენტს “იძიებს და არკვევს შესაძლებლობას, რომ ჟურნალისტი პალესტინელმა შეიარაღებულმა პირებმა იმსხვერპლეს”.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იაირ ლაპიდმა ჟურნალისტის სიკვდილს სევდიანი ამბავი უწოდა და პალესტინელთა ავტონომიას ერთობლივი გამოძიება შესთავაზა. “ჟურნალისტები კონფლიქტის ზონებში დაცული უნდა იყვნენ და ჩვენ ყველას გვაკისრია სიმართლის დადგენის პასუხისმგებლობა”, – თქვა მინისტრმა.