ეროვნული ბანკის მონაცემების თანახმად, საქართველოს კომერციულ ბანკებში თებერვალში მომხმარებელთა 1 654 პრეტენზია შევიდა, რომელთაგან ყველაზე მეტი – 848 განცხადება ტრანზაქციებთან არის დაკავშირებული. პრეტენზიების რაოდენობით მეორე ადგილს ადმინისტრაცია/მომსახურება იკავებს 323 განცხადებით. მესამე ადგილზე კი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან დაკავშირებულ პრეტენზიებზე მოდის – 180 შემთხვევა.
2022 წლის თებერვალთან შედარებით თითქმის განახევრებულია ტრანზაქციებთან დაკავშირებით შესული პრეტენზიები (02/2022 – 1 571 პრეტენზია). სამაგიეროდ, თითქმის გაორმაგებულია (+85%) პრეტენზიები ადმინისტრაცია/მომსახურებასთან დაკავშირებით. შემცირებულია ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებული პრეტენზიები (02/2022 – 230 განაცხადი).
თებერვალში ბანკებში შესული 1 654 პრეტენზიიდან 1 052–ზე განხილვა დასრულებულია და კომბანკმა ის უსაფუძვლოდ მიიჩნია. საფუძვლიანად ბანკებმა 254 პრეტენზია მიიჩნიეს. განხილვები არ დასრულებულა 339 პრეტენზიაზე. 9 შემთხვევაში კი განხილვა დასრულებულია, პრეტენზია საფუძვლიანადაა მიჩნეული, თუმცა ხარვეზი არ გამოსწორებულა.