ე.წ. „აგენტების“ შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციებისას პოლიციელზე თავდასხმასა და სხვისი ქონების განადგურებას ედავება 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის პროკურატურა, ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში სწორედ მისი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სხდომა მიმდინარეობს.
დღევანდელ პროცესზე ბრალდებულმა ვრცელი სიტყვით არ ისარგებლა და მოსამართლეს უთხრა, რომ ადვოკატების პოზიციას იზიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. მანვე აღნიშნა, რომ გამოძიებისთვის ხელახალი ჩვენების მიცემა სურს. “ამჯერად, მე მინდა, დუმილის უფლება გამოვიყენო, გავიარო ადვოკატებთან და თავიდან მივცე ჩვენება”, – თქვა ლაზარე გრიგორიადისმა.
სხდომაზე ბრალდებულის ადვოკატმა იშუამდგომლა, რომ მოსამართლემ დაკავებულის მიმართ ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღინისძიება გამოიყენოს- 10 000-ლარიანი გირაო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ლაზარე გრიგორიადისს, 7-9 მარტის აქციების მონაწილეს, ბრალად ედება სამართალდამცველებისთვის „მოლოტოვის კოქტეილის” სროლა.
გამოძიების ვერსიით, 2002 წელს დაბადებულმა 21 წლის ახალგაზრდამ, 7-9 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა, რის შედეგადაც დაზიანება მიიღეს სამართალდამცველებმა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მან, ასევე, ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმას, მისი ჯანმრთელობის ხელყოფასა და სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.