სოფელ ხოვლეში, ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმში, „საქართველოს ფოსტასა“ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოეწერა. ინფორმაციას ამის შესახებ „საქართველოს ფოსტა“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, მემორანდუმი მიზნად უნივერსიტეტის 105 წლის იუბილეს აღსანიშნავად, „ივანე ჯავახიშვილისა და ანასტასია ჯამბაკურ-ორბელიანის ეპისტოლარული მემკვიდრეობის“ წიგნად გამოცემას ისახავს.
მნიშვნელოვანია, რომ საიუბილეო გამოცემას თან უნიკალური ფოტოები დაერთვება, რომელიც დღემდე უნივერსიტეტის დამაარსებლის საოჯახო ალბომშია დაცული და საზოგადოება მათ პირველად იხილავს.
მემორანდუმს ხელი „საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან ჩიკვაიძემ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორმა, ნინო ოკრიბაშვილმა მოაწერეს.