საუდის არაბეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და Credit Suisse-ის უმსხვილესი აქციონერი, ამარ ალ ხუდაირი თანამდებობიდან გადადგა. პოზიციის დატოვების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მის მიერ გაკეთებულმა კომენტარებმა ხელი შეუწყო შვეიცარიული ბანკის, Credit Suisse-ს აქციების ფასის ვარდნას და საბოლოოდ, კონკურენტი UBS-ის მიერ მის ყიდვას.
ამარ ალ ხუდაირის საუდის არაბეთის ეროვნული ბანკის აღმასრულებელი დირექტორი საიდ მუჰამედ ალ ღამდი შეცვლის.
Bloomberg-ის ინფორმაციით, საუდის არაბეთის ეროვნულმა ბანკმა Credit Suisse-ში ინვესტიციის განხორციელებიდან რამდენიმე თვეში $1 მილიარდიანი ზარალი განიცადა.
აქამდე Bloomberg-თან ინტერვიუში საუბრისას ალ ხუდაირიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საუდის არაბეთის ეროვნული ბანკი Credit Suisse-ში შემდგომ ინვესტირებას არ აპირებს. კომენტარის გაკეთებიდან მალევე შვეიცარიული ბანკის აქციები რეკორდულ ნიშნულამდე დაეცა.
UBS-მა გაკოტრების პირას მყოფი კონკურენტი $3.2 მილიარდიანი გარიგების ფარგლებში შეიძინა. ტრანზაქცია შვეიცარიის ხელისუფლების პირდაპირი შუამავლობით განხორციელდა.