“საქართველოში გვყავს თაობა, რომელიც აფხაზეთში ცხოვრობდა, გვყავს თაობა, რომელსაც აფხაზეთი მოკლე მონაკვეთებით ახსოვს და გვყავს თაობა, რომელსაც აფხაზეთი არც უნახავს და ამიტომ, ასეთი ტიპის ღონისძიებები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების გამოფენაზე – “ფერები აფხაზეთიდან” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, აფხაზ თანამოქალაქეებთან კავშირი უნდა შენარჩუნდეს, რათა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ, სხვადასხვა მიმართულებით განვითარება აქტიურად დაიწყოს.
“ასეთი ღონისძიების გამართვა და ზოგადად, ამ მიმართულების შენარჩუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რათა შენარჩუნდეს ის ნაპერწკალი, რომ როდესაც დადგება ჩვენი აფხაზ დებთან და ძმებთან ერთიანობის დღე, ამ ნაპერწკლიდან აინთოს სულიერი და კულტურული განვითარების ცეცხლი, რაც ყოველთვის ახასიათებდა აფხაზეთს. გამოფენა თემატურადაც მნიშვნელოვანია – ასახულია აფხაზეთთან დაკავშირებული მოგონებები, ემოცია და ფერები. საქართველოს პარლამენტის სახელით, ვუდასტურებ სრულ მხარდაჭერას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს,” – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.