ოცდამეერთე საუკუნე ტექნოლოგიების, სოციალური ქსელებისა და ჰიბრიდული ომების ეპოქაა. Facebook-ი, Twitter,-ი Instagram-ი და ახლა TikTok-ი.
როდესაც სოციალურ ქსელში თქვენს საკუთარ ანგარიშს ხსნით, ამით ავტომატურად ეთანხმებით კომპანიის წესებს და მათ წვდომას აძლევთ თქვენს პირად მონაცემებზე.
Forbes-ის ერთ-ერთმა ჟურნალისტმა, ემილი ბეიკერ-ვაითმა გამოაქვეყნა კვლევა, სადაც ნათქვამია, რომ სოციალური ქსელი TikTok-ის მფლობელი ჩინური კომპანია ByteDance აპლიკაციას ამერიკელი მოქალაქეების, განსაკუთრებით კი TikTok-ის მომხმარებელი პოლიტიკოსების და საზოგადო მოღვაწეების ლოკაციის დასადგენად და პირად ინფორმაციაზე წვდომის მოსაპოვებლად იყენებს.
ამ ბრალდებაზე TikTok-ის კომუნიკაციების ჯგუფმა პასუხი არ დააყოვნა. აპლიკაციის ოფიციალური Twitter-ის ანგარიშზე დღეს დადებულ პოსტში ვკითხულობთ, რომ TikTok-ი ყველა ბრალდებას უარყოფს. მეტიც, გამოქვეყნებულ წერილის მიხედვით აპლიკაცია საერთოდ არ იყენებს მისი მომხმარებლების პირად მონაცემებს.
“Forbes-მა ჩვენი წესდების და შეთანხმების კვლევისას გამოტოვა შემდეგი ასპექტი: TikTok-ი არ იღებს ზუსტ GPS ინფორმაციას ამერიკაში მცხოვრები მომხმარებლების შესახებ, აქედან გამომდინარე, TikTok-ი უბრალოდ ვერ შეძლებდა მათ “თვალთვალს””. – განაცხადა აპლიკაციის ოფიციალურმა კომუნიკაციების ჯგუფმა Twitter-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
რა იქნება მაშინ, თუ ამ ბრალდებით აშშ-ს მთავრობა დაინტერესდება? ჩვენ შესანიშნავად გვახსოვს, თუ როგორ აკრძალა ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ანდროიდ Huawei-ის გამოყენება, რადგან ამ სისტემას ჩინეთის ხელისუფლება სათავისოდ იყენებდა.
საბოლოოდ კი ისევ უცნობი რჩება, თუ რამდენად უსაფრთხოა დღესდღეობით სხვადასხვა სოციალური ქსელების გამოყენება.