Sunday, September 24, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიოუკრაინის სახალხო დამცველი ხერსონის ოლქში ჰუმანიტარული კრიზისის მწვავდებაზე საუბრობს

უკრაინის სახალხო დამცველი ხერსონის ოლქში ჰუმანიტარული კრიზისის მწვავდებაზე საუბრობს

უკრაინის სახალხო დამცველის, ლუდმილა დენისოვას განცხადებით, რუსეთის მიერ კონტროლირებადი ხერსონის ოლქში ჰუმანიტარული კრიზისი მწვავდება. დენისოვას თანახმად, ოლქის მცხოვრებთ უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გამგზავრების შესაძლებლობა არ აქვთ, უშუალოდ ხერსონის ოლქში მიმოსვლა, თითქმის შეზღუდულია. დენისოვას ცნობითვე, ოკუპანტები ხერსონის ოლქში მოხალისეებს ჰუმანიტარული დახმარებით არ უშვებენ და ტვირთს ძარცვავენ.

უკრაინის სახალხო დამცველი ხერსონის მერზე, იგორ კოლიხაევზე დაყრდნობით, ფეისბუკზე წერს, რომ ქალაქში მედიკამენტების მარაგი ორი კვირის შემდეგ ამოიწურება და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო წამლების დეფიციტი უკვე შეინიშნება. დენისოვას განცხადებით, ოკუპანტებმა ხერსონის ოლქის დაკავების პირველ დღეებში გაძარცვეს სასურსათო ქსელები და აფთიაქები და პროდუქცია ყირიმსა და რუსეთში გაიტანეს, ადგილობრივ მცხოვრებთ კი, ე.წ. ჰუმანიტარული დახმარების სახით ვადაგასულ პროდუქტს და მედიკამენტებს ურიგებენ, სანაცვლოდ კი საპასპორტო მონაცემებს, პენსიონერების და სოციალური მუშაკების სიებს მოითხოვენ.

უკრაინის სახალხო დამცველი გაეროს მისამართით აცხადებს, რომ გაითვალისწინოს ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები. ომის დაწყებამდე, ხერსონის ოლქში ცხოვრობდა მილიონამდე ადამიანი, დღეს კი, იქ დაახლოებით 500 ათასი რჩება. უკრაინის სამხრეთში მდებარე ქალაქი ხერსონი რუსეთის სამხედრო ძალებმა 2022 წლის მარტში დაიკავეს. ოკუპაციის წინააღმდეგ ხერსონელების არაერთი საპროტესტო აქცია რუსმა სამხედროებმა ძალით დაშალეს. ხერსონის ოლქის პრორუსული “სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის” წარმომადგენელმა, კირილ სტრემოუსოვის განაცხადებით, ოლქის „ხელმძღვანელობა“ რუსეთის პრეზიდენტ პუტინსთვის მიმართვას აპირებს, რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში ხერსონის რეგიონის მიღების შესახებ.

აპრილში, უკრაინის ხელისუფლება აცხადებდა, რომ რუსეთი ხერსონში ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებას კიდევ ერთი “სახალხო რესპუბლიკის” შესაქმნელად გეგმავდა. ამ გეგმის არსებობას დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვაც ადასტურებდა. 2014 წელს, რუსეთმა მასთან შეერთების მიზნით, ე.წ. რეფერენდუმი ყირიმში ჩაატარა, ხოლო ე.წ. დამოუკიდებლობის გამოსაცხადებლად უკრაინის კიდევ ორ ტერიტორიაზე – დონეცკის და ლუგანსკის ოლქებში. უკრაინაზე თავდასხმამდე, 2022 წლის 24 თებერვლამდე რამდენიმე დღით ადრე, პრეზიდენტმა პუტინმა”რეფერენდუმების” საფუძველზე შექმნილი, ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების “დამოუკიდებლობა” აღიარა.

პუტინს უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს დაწყებული “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” მიზნად უკრაინის “დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია” აქვს გამოცხადებული. უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების “დამოუკიდებლობის” აღიარება. მანამდე რუსეთმა უკრაინისგან მოითხოვა არ გახდეს ნატოს წევრი. რუსული არმიის კიევზე წარუმატებელი შეტევის შემდეგ, რუსეთმა ძირითადი ძალები უკრაინის აღმოსავლეთში გადაისროლა, “დონბასზე სრული კონტროლის დასამყარებლად”.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები