“გამოსახლება ქართულად”
დღეს, 23 თებერვალს, ომის ვეტერანი ლაშა გიგაური, მისი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები აღსრულების პოლიციამ ძალის გამოყენებით საკუთარი სახლიდან გამოასახლა.
ბავშვების თვალწინ უწყების ათობით თანამშრომელმა ფაქტობრივად სპეცოპერაცია მოაწყო, სახლს ჯერ ალყა შემოარტყეს, ოჯახის წევრები დააკავეს, შემდეგ კი ავეჯი დაამტვრიეს.
ბინას სასამართლომ ყადაღა დაადო, თუმცა აღსრულების ეროვნული ბიურო თვლის, რომ გამოძიების დასრულებამდე გიგაურის სახლიდან გამოსახლება კანონიერია. მევახშე ლია წიკლაურმა დაზარალებულთან ნასყიდობა-გამოსყიდვის ხელშეკრულება გააფორმა და თაღლითური გზებით ბინა მიისაკუთრა.
ერთადერთი თავშესაფრის გარეშე დარჩენილი აფხაზეთის ომის გმირი დღეს შველას პროკურატურას და სასამართლოს სთხოვს, რაშიც იპოთეკით “მევახშეებისგან” დაზარალებულთა გაერთიანების იურისტები ეხმარებიან.
ჰყავს თუ არა მფარველი მევახშე ლია წიკლაურს?! ეს არის ომის ვეტერანი ლაშა გიგაურის საქმეში მთავარი კითხვა, ჩნდება გონივრული ეჭვი რიგი ფაქტორებიდან გამომდინარე რომ მას ჰყავს გავლენიანი მფარველები. იპოთეკით დაზარალებულთა გაერთიანების იურისტებს ბევრი კითხვები აქვთ თუმცა პასუხგაუცემელი.
ლაშა გიგაურის უფლებებს მშენებლობით და იპოთეკით “მევახშეებისგან” დაზარალებულთა გაერთიანების იურისტები იცავენ. ისინი აცხადებენ, რომ დაზარალებულის უფლებების დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.
იურისტების მთავარი მოთხოვნა ერთია – ვიდრე გამოძიება არ დასრულდება და მევახშეს ბრალი არ დაუმტკიცდება შეწყდეს უკანონო გამოსახლება და დაცული იქნას დაზარალებული ლაშა გიგაურის მრავალშვილიანი ოჯახის ინტერესები.
მშენებლობით და იპოთეკით “მევახშეებისგან” დაზარალებულთა ასოციაცია 2021 წლიდან ფუნქციონირებს. გაერთიანების იურისტები აქტიურად იბრძვიან საქართველოში უკანონო გამოსახლებების წინააღმდეგ.
მევახშეებისგან დაზარალებული მოქალაქეების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. იურისტებს კი ამ პრობლემით ყოველდღიურად უამრავი ადამიანი მიმართავს.
გაერთიანების იურისტების მიერ შეიქმნა დამოუკიდებელი საგამოძიებო პალატაც, სადაც ასოციაცია თავად დაიწყებს რიგი გახმაურებული საქმეების გამოძიებას. მოპოვებული მტკიცებულებები და ფაქტები კი პროკურატურას გადაეგზავნება რაც დაზარალებულთა თაროზე შემოდებული საქმეების გამოძიების პროცესს დააჩქარებს.