ხმაური და დაპირისპირება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. დილიდან არჩევნები მიმდინარეობს – სტუდენტები თვითმმართველობას ირჩევენ.
სტუდენტების ნაწილი აცხადებს, რომ პროცესი დარღვევებით მიმდინარეობს. დარღვევის ფაქტს ადასტურებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელიც.
სტუდენტების თქმით, დააფიქსირეს ფაქტი, როდესაც “ცესკოს” წარმომადგენელმა პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გარეშე სტუდენტს საშუალება მისცა ხმა მიეცა. ისინი აცხადებენ, რომ შესაძლოა საფრთხე დაემუქროს არჩევნების ლეგიტიმაციას.
“ამომრჩეველმა ხმა მისცა პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გარეშე და ეს იყო რამდენიმე. მათ შორის ცესკოს თანამშრომლობა დაადასტურეს, მაგრამ ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ეს არ ყოფილა ერთი შემთხვევა და დაფიქსირდა მაქსიმუმ 3-4 ასეთი შემთხვევა. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, როდესაც ამომრჩევლები ხმას მისცემენ პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, შესაძლოა დადგეს იმის საფრთხე, რომ არჩევნების ლეგიტიმაცია დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ” – ამბობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, დავით ჩხობაძე.
დამკვირვებლები ადასტურებენ მომხდარ ფაქტს. მათი თქმით, ფაქტს რეაგირება მოჰყვა და კომისიის წევრს გაფრთხილება მიეცა.
“სტუდენტს არ ჰქონდა პირადობა, რა თქმა უნდა ეს წარმოადგენს დარღვევას. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მყისიერად მოხდა რეაგირება. შესაბამისი გაფრთხილება მიეცა კომისიის წევრს, რაც დაფიქსირებულია ასევე ჟურნალშიც” – ამბობს დამკვირვებელი, ვალერი არღუთაშვილი.