კატასტროფულ მდგომარეობას მივიღებთ, არ აქვს მნიშვნელობა სააკაშვილთან მიმართებაში რა დამოკიდებულებაა, ყველა თანხმდება, რომ ქვეყნის პრეზიდენტები არ უნდა კვდებოდნენ – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ბაჩო დოლიძემ “ვივამედის” კლინიკაში მისვლის შემდეგ განაცხადა.
მისი შეფასებით, საერთაშორისო პარტნიორების როლი სააკაშვილისთვის ჰუმანიტარული კორიდორის შექმნაში ძალიან მნიშვნელოვანია და იმედს იტოვებს, რომ ამ თვალსაზრისით საკუთარ სიტყვას იტყვიან.
“ხელისუფლება ცეცხლს ეთამაშება, არ ვიცი რატომ არ ეძლევა ამერიკიდან ჩამოსულ ექსპერტს დღემდე მონახულების საშუალება. ერთადერთი რასაც ვხედავთ, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა ვერ ხერხდება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და უარესდება, მაშინ როდესაც გვესაუბრებიან, რომ კვალიფიციურ მკურნალობას გადის. კატასტროფულ მდგომარეობას მივიღებთ, არ აქვს მნიშვნელობა სააკაშვილთან მიმართებაში რა მდგომარეობაა, ყველა თანხმდება, რომ ქვეყნის პრეზიდენტები არ უნდა კვდებოდნენ, ამისათვის ყველაფერია გასაკეთებელი. ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად ვმუშაობთ საერთაშორისო პარტნიორებთან, მათი როლი სააკაშვილისთვის ჰუმანიტარული კორიდორის შექმნაში არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმედს ვიტოვებ, რომ ამ თვალსაზრისით საკუთარ სიტყვას იტყვიან” – აღნიშნა ბაჩო დოლიძემ.