უკრაინის ხერსონის ოლქში მდებარე კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე მომხდარი აფეთქების გამო, კიევში ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართება.
საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის მიერ ტვიტერზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, სხდომა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კახოვკის წყალსაცავის ჯებირის აფეთქების გამო მოიწვია.
ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციამ დღეს დილით განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქალაქ კახოვკასთან მდებარე ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი ააფეთქეს, რის გამოც ოლქის პოლიციას და საგანგებო სიტუაციების სამსახურს, მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე, პოტენციური დატბორვის ზონაში მდებარე დასახლებული პუნქტებიდან მოქალაქეების ევაკუაცია დაევალა. ამ ზონაში შედის 10 სოფელი და ქალაქ ხერსონის ნაწილი.
ხერსონის ოლქის ქალაქი კახოვკა მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს, რომელიც ამჟამად რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. დნეპრის მარჯვენა ნაპირი, მათ შორის ქალაქი ხერსონი უკრაინის ხელისუფლების კონტროლქვეშაა.
კრემლის მიერ კონტროლირებადი სააგენტო „ტასი“ ხერსონის ოკუპირებული ნაწილის დე ფაქტო ადმინისტრაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ კაშხლის ერთი საყრდენი დაზიანების გამო ჩამოინგრა და ტერიტორიის დატბორვა დაიწყო. სააგენტოს წყაროს თანახმად, ღამით სიმშვიდე იყო და შეტევა არ ყოფილა.