ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოდიშის მცხოვრებლები აქციას მართავენ. შეკრებილების განცხადებით, უგზოობის გამო სოფელში სასწრაფო დახმარების მანქანა ვერ ახერხებს მისვლას, ასევე, ბავშვებს უჭირთ სკოლამდე გადაადგილება. მოსახლეობის განცხადებით, კიდევ ერთი პრობლემაა მოუწესრიგებელი სანიაღვრე არხები.
„4 წელია ვითხოვთ გზის მოწესრიგებას, ასევე სანიაღვრე არხების. წვიმის დროს იტბორება სახლები და საშინელ დღეში ვართ. გაზის მილები გაყვანილია მიწის ზევით, რომელიც ძალიან საშიშია. კონკრეტული პასუხი გვაინტერესებს თუ როდის მოწესრიგდება ეს ყველაფერი. აქციას გავაგრძელებთ იქამდე, ვიდრე მიზანს არ მივაღწევთ“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
მოსახლეობას მერიის წარმომადგენლები ხვდებიან. ისინი ადგილზე ეცნობიან ვითარებას, თუმცა ჯერჯერობით აქციის მონაწილეებს კონკრეტულ პასუხს ვერ ეუბნებიან, თუ როდის მოგვარდება სოფელში არსებული პრობლემები.