ზუგდიდში მედიის წარმომადგენლებმა “მთავარი არხის” მხარდამჭერი აქცია გამართეს.
მედიის წარმომადგენლების თქმით, სოლიდარულები არიან დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიის მიმართ.
„დღეს, როგორც მთელი დღის მანძილზე ჟღერდებოდა „მთავარი არხის“ ჟურნალისტების მხრიდანაც, ეს არ არის სოლიდარობა მხოლოდ ნიკა გვარამიას მიმართ. მე წარმოვადგენ კრიტიკულ მედიას, მედიას, რომელიც არის მიუღებელი ჩვენი მთავრობისთვის, თუ შეიძლება ამ ყველაფერს მთავრობა ერქვას. ვინც ვართ ოპოზიციურად განწყობილები, ვაპროტესტებთ იმ რეალობას, რაც საქართველოში სუფევს და რა გადაწყვეტილებაც დღეს მიიღო თბილისის საქალაქო სასამართლომ”, – განაცხადა ჟურნალისტმა დათო მანიამ.
აქციას არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. ისინი მიიჩნევენ, რომ ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილი განაჩენი პოლიტიკურად მოტივირებულია.
“სერიოზული პრობლემა გვაქვს სახელმწიფოში, პოლიტიკური მართლმსაჯულების თვალსაზრისით. ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე, “საერთაშორისო გამჭვირვალობამ” შეისწავლა ეს საქმე და შეგვიძლია დასკვნა გავაკეთოთ. ეს არის ძალიან სახიფათო გზავნილი სხვა მედიების მიმართ, სახელმწიფო ცდილობს, დააშინოს, ზეწოლა განახორციელოს იმ მედიაზე, ვინც კრიტიკული არის, რაც ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას ამძიმებს. იმ ყველაფრის გათვალისწინებით, ახლა განიხილება საქართველოს პასუხები იმ კითხვებზე, რაზეც არის დამოკიდებული გავხდებით თუ არა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე სახელმწიფო. პრობლემა გვაქვს ის, რომ ეს არის მიკერძოებული გადაწყვეტილება, პოლიტიკური დევნა და საბოლოო ჯამში აფერხებს ქვეყნის განვითარებას, ქვეყნის ისტორიულ არჩევანს, რომ ის გახდეს დასავლური ინსტიტუციების ნაწილი. ფაქტია, რომ ქვეყანაში გვაქვს ზეწოლა მედიებზე, გაგრძელება იმ პოლიტიკის, რაც გვაქვს სამწუხაროდ სახელმწიფოში. ამ ყველაფერს ქვეყანა შეჰყავს ჩიხში, რაც არ წარმოადგენს ქართული საზოგადოების დაკვეთას, ქართული საზოგადოების ინტერესს. ქართული საზოგადოების მიზანია ქვეყანაში იყოს დემოკრატიული მმართველობა, სადაც თავისუფალი იქნება მედია ყველანაირი ზეწოლებისა და გავლენებისგან”,- განაცხადა “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ზუგდიდის ოფისის კოორდინატორმა არჩილ თოდუამ.