ფიშერი – გერმანიაში თავშესაფრის მოთხოვნისას საქართველოს მოქალაქეს მოუწევს დაამტკიცოს, რომ ის იდევნება

Published:

საქართველო არის ქვეყანა, სადაც პოლიტიკის, რასის, სქესის და სხვა მახასიათებლების საფუძველზე, მოქალაქეების სისტემატური დევნა არ ხდება. ახლა, ეს წინადადება ჩვენს პარლამენტში გადის და მალე კანონი გახდება – ასე რომ, საქართველოს მოქალაქეს თავშესაფრის პროცედურების გავლისას მოუწევს დაამტკიცოს, რომ ის, როგორც ინდივიდი იდევნება და საქართველოში ადამიანის უფლებები ირღვევა, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა განაცხადა, გერმანიიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის საკითხზე საუბრისას.

როგორც ელჩმა აღნიშნა, საქართველო ერთ-ერთია იმ ქვეყნებიდან, რომლებსაც გერმანიაში თავშესაფრის მოთხოვნის მაღალი მაჩვენებელი აქვს.

„გერმანიის მთავრობამ, მინისტრთა კაბინეტმა მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად კლასიფიკაციის შესახებ, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს არის ქვეყანა, სადაც პოლიტიკის, რასის, სქესის და სხვა მახასიათებლების საფუძველზე, მოქალაქეების სისტემატური დევნა არ ხდება. ახლა ეს წინადადება ჩვენს პარლამენტში გადის და მალე კანონი გახდება. საქართველო შეუერთდება ბევრ სხვა ქვეყანას, რომლებსაც ჩვენ უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნებად მივიჩნევთ. ეს ნიშნავს, რომ მომავალში საქართველოს მოქალაქეებისთვის თავშესაფრის პროცედურები გაცილებით სწრაფი იქნება. ასე რომ, საქართველოს მოქალაქეს თავშესაფრის პროცედურების გავლისას მოუწევს დაამტკიცოს, რომ ის, როგორც ინდივიდი იდევნება და საქართველოში ადამიანის უფლებები ირღვევა. უმეტეს შემთხვევაში, ჩვენ ველით, რომ ეს ასე არ იქნება. იმ შემთხვევაში, თუ თავშესაფრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, მაშინ ამ ადამიანებს გერმანიის დატოვება მოუწევთ და თუ ისინი გერმანიას არ დატოვებენ, მაშინ მათი დეპორტაცია მოხდება. ამის უკან არის ის, რომ საქართველო ერთ-ერთია იმ ქვეყნებიდან, რომლებსაც გერმანიაში თავშესაფრის მოთხოვნის მაღალი მაჩვენებელი აქვთ, მაგრამ რასაც ჩვენ აღიარების მაჩვენებელს ვეძახით, ძალიან დაბალი, ორ პროცენტზე ნაკლებია. ასე რომ, ყველა იმ ქართველიდან, ვინც გერმანიაში თავშესაფარს ითხოვს, მას მხოლოდ ორ პროცენტზე ნაკლები იღებს. შეუძლებელი იქნება ამ ადამიანების უვიზოდ იმაზე დიდხანს დარჩენა, ვიდრე ეს ნებადართულია. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ გერმანიაში ქართველებს მივესალმებით. ბევრი ქართველი ჩამოდის გერმანიაში სამუშაოდ თუ სასწავლებლად. გერმანიაში ჩამოსასვლელად ლეგალური გზა არსებობს და თქვენ იცით, რომ შესაძლებელია გერმანიაში უვიზოდ მიმოსვლა. ერთადერთი, რაც ჩვენ გვსურს არის ის, რომ ჩვენი თავშესაფრის სისტემა უფრო მართვადი გავხადოთ, ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს, ჩვენ ხალხი მთელი მსოფლიოდან გვყავს, რომლებიც თავშესაფარს ითხოვენ. პროცედურებს დიდი დრო სჭირდება და ბევრი ადამიანი თავშესაფარს ვერ იღებს, რადგან ისინი საკუთარ სამშობლოში არ იდევნებიან, მაგრამ გერმანიაში მაინც მრავალი წლის განმავლობაში რჩებიან, რაც პრობლემას წარმოადგენს. ასე რომ, საქართველოს, როგორც უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნის კლასიფიკაცია მალე მოხდება“, – განაცხადა პეტერ ფიშერმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img