„ნაციონალური მოძრაობა“ და „ლელო“ ალიანსში არიან და მათ ეს ალიანსი ყველა ფეხის ნაბიჯზე დაადასტურეს. – ამის შრსახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ის, რომ „თანხვედრაა მათ განცხადებებს შორის, ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური“.
„ზოგადად, „ნაცმოძრაობა“ და „ლელო“ არის ერთი და იგივე. უბრალოდ არის ორი ორგანიზაციულად ცალკე ჩამოყალიბებული, ასე ვთქვათ პარტია. თუმცა სინამდვილეში, „ნაცმოძრაობა“ და „ლელო“ არის ზუსტად ერთი და იგივე, ისინი არიან ჩვეულებრივად ალიანსში და ყველა ფეხის ნაბიჯზე დაადასტურეს მათი ეს ალიანსი. აქედან გამომდინარე, მათ ცალ-ცალკე განცხადებებს არავითარი ფასი არ აქვს. ის, რომ თანხვედრა არის მათ განცხადებებს შორის, ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური. ერთი პოლიტიკური ძალაა, ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, აქ შედის პარტია „ნაცმოძრაობაც“, „ლელოც“, „გირჩიც“, გახარიაც და ა.შ. ყველა ერთად არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, ერთი ფესვები აქვთ, ერთი ფუძე აქვთ, ერთად აყაჩაღებდნენ ბიზნესმენებს თავის დროზე და ა.შ. აქედან გამომდინარე, მათი ერთიანობა, ბუნებრივია, არავის უკვირს. შესაბამისად, ეს თანხვედრა არის აბსოლუტურად ლოგიკური“, – განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, ირაკლი კობახიძე მედიასთან პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე შიდაპარტიულ პროცესებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ნიკა მელია ცალკე, რომ გავიდეს და პარტია ჩამოაყალიბოს არჩევნებში 1%-ს აიღებს და ეს 1%-ი დაეკარგება „ნაციონალურ მოძრაობას“.
„არ ვიცი, საშველს ვერ აყენებენ. ასე ვთქვათ, ხაბეიშვილის-მელიას დაპირისპირების და კონფლიქტის საქმეს. არ ვიცი, იმედია რაღაცა ბოლომდე მიიყვანენ. ჩვენთვის საინტერესო არ არის. ერთი იმას ცვლის, რომ რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს კონფლიქტი, ბუნებრივია, მით უკეთესი ჩვენთვის. უკვე საკმაოდ დიდხანს გრძელდება და იმედია კიდევ უფრო მეტად გააღრმავებენ ამ შიდა დაპირისპირებასა და კინკლაობას. ეს არის საბოლოო ჯამში კარგი იმისათვის, რომ კიდევ უფრო მყარად დავასრულოთ ჩვენ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები.
ნიკა მელია ცალკე, რომ გავიდეს და პარტია ჩამოაყალიბოს არჩევნებში 1%-ს აიღებს და ეს 1%-ი დაეკარგება, რა თქმა უნდა, „ნაცმოძრაობას“. რა თქმა უნდა, თითოეული პროცენტი ენანება „ნაცმოძრაობას“ , ისედაც ბევრი დაკარგა, ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში და ეს 1%-იც მათთვის არის დასანანი, რომელსაც დაკარგავს მელიას გასვლის შემთხვევაში, ამიტომ ცოტა ენანებათ, მაგრამ თან შიგნითაც ვერ ტოვებენ, არ ვიცი, ეს მათი საქმეა“, – აღნიშნა კობახიძემ.